კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შეჭრიდან ერთი წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით მოძრაობამ "12 მაისი" თბილისში ხიდებზე შემდეგი ბანერები განათავსა:
"2018 წლის 12 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ იარაღი მიუშვირა თავისუფალ სივრცეებში საცეკვაოდ შეკრებილ ადამიანებს და ამის პასუხად ათიათასობით გულანთებული ადამიანის ერთობა მიიღეთ. თქვენ რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოგეხადათ. თქვენი ბოდიში მიღებულია არა იმიტომ, რომ დავიჯერეთ მისი გულწრფელობის, ან გვგონია, რომ ეს ბოდიში რამეს შეცვლიდა, ან ამაზე უარესი არაფერი გიქნიათ, ან ვენდეთ დაპირებებს (ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გენდობით თქვენ), დიდი ხანია ბოდიში გაქვთ მოსახდელი საზოგადოებისთვის, იმ ყველაფრის გამო, რაც ამ წლებში დაგვმართეთ,
თქვენ არამხოლოდ არ გიყვართ ეს ქვეყანა არამედ იმედიც კი არ გაქვთ მისი შეცვლის, რადგან არ იცით როგორ გააკეთოთ ეს, თქვენ საკუთარი თავის შეცვლაც კი არ შეგიძლიათ და თუ რამე გაშინებთ და გაფრთხობთ ეს სწორედ ცვლილებებზე საუბარია.თუმცა ცვლილებები გარდაუვალია. სხვა ყველაფერი დროის და ჩვენი ყოველდღიური, რუტინული შრომის საკითხია, რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არ გვეზარება. საყოველთაო დანაწევრების და უიმედობის, ნიჰილიზმისა და უნდობლობის მიუხედავად, გვჯერა სიმართლის და ერთმანეთის.
და ახლა ერთად დგომის დროა!", - წერს 12 მაისი.
ბასიანის სპეცოპერაციის წლისთავთან დაკავშირებით აქტივისტები დღის განმავლობაში სხვა ღონისძიებებსაც გეგმავენ.
სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში "ბასიანი" და "გალერი" 2018 წლის 12 მაისის ღამეს შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და ათეულობით მონაწილე დააკავა. შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავა.
12 მაისის ღამესვე პარლამენტის შენობასთან დაიწყო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე, ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
პარალელურად, დაიგეგმა და ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების რამდენიმე აგრესიული კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. შსს-მ ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებიც განათავსა. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.
მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა პირველი განცხადება საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა. ის მიმდინარე პროცესებს 14 მაისს, დღის ბოლომდე არ გამოხმაურებია. გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, თუმცა აქციის მოთხოვნებზე ან სპეცოპერაციის ფორმებზე და ვინმეს პასუხისმგებლობაზე არც იქ უსაუბრია. პრემიერმინისტრმა აქციის მონაწილეებს მისცა პირობა, რომ მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა.
ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს გარკვეული დაპირებებიც მისცა, მათ შორის არის 12 მაისის ღამეს უფლებების დარღვევის განხილვა, ასევე "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა".
შედეგად, აქცია დაიშალა. მონაწილეები ტერიტორიიდან შსს-ს დახმარებით გაიყვანეს, რის შემდეგაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა "გამარჯვება" იზეიმეს.
აქციას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც და აღნიშნა, რომ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა, მაგრამ პარლამენტის წინ შეკრებული ახალგაზრდების ნაწილის ქცევამ და განცხადებებმა უარყოფითი მუხტი შემოიტანა და კონტრაქციის ჩატარების საფუძველი წარმოშვა.