აშშ

84 წლის კაცმა აშშ-ში მარიხუანის უკანონოდ შეტანისათვის 39-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა

BBC

84 წლის ანტონიო ბასკარომ მაიამის ციხე 39-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. ის სასჯელს 1970-იან წლებში აშშ-ში 270,000 კილოგრამი კოლუმბიური მარიხუანის უკანონოდ შეტანისათვის იხდიდა. ეს ქვეყნის ისტორიაში  პატიმრობის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია ნარკოტიკებთან დაკავშირებული არა-ძალადობრივი დანაშაულისათვის.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ფლორიდის შტატში დისპენსერებიც კი დგას, სადაც მარიხუანის შეძენაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, ბასკარო აშშ-ის მოქალაქე არაა და უახლოეს თვეებში გადაწყდება მოხდება თუ არა მისი დეპორტაცია.

ბასკარო კუბელი მფრინავია. ის 70-იან წლებში კომუნისტების წინააღმდეგ იბრძოდა და მისი ოჯახი შიშობს, რომ კუბაზე დეპორტაციის შემთხვევაში მას კვლავ დააპატიმრებენ.

1958 წელს ფიდელ კასტროს და მისი მომხრეების წინააღმდეგ ბრძოლისას ბასკაროს თვითმფრინავი ჩამოვარდა და ის ტყვედ რაულ კასტროს და მის თანამებრძოლებს ჩაუვარდათ. მას შემდეგ ბასკარომ ციხეში 1 წელზე მეტი გაატარა. გათავისუფლების შემდეგ კუბას ფიდელ კასტრო მართავდა და ბასკარო არმიიდან გარიცხეს.

ამის შემდეგ მან თავშესაფარი ურუგვაის სთხოვა, თუმცა საბოლოოდ გვატემალაში გაიქცა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მისიაში ჩაერთო, რომელიც მიზნად კუბადან გამოქცეულები გაწვრთნას და ღორების ყურეში გადასხმას ითვალისწინებდა. საბოლოოდ იმ დანაყოფს, რომელსაც ბასკარო მეთაურობდა ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია.

სწორედ ამის შემდეგ შედგა მასსა და კრიმინალურ ორგანიზაციას შორის, რომელსაც კოლუმბიიდან ფლორიდაში მარიხუანა არალეგალურად შეჰქონდა, კონტაქტი. მცირე ზომის სათევზაო გემი, რომლითაც მარიხუანა გადაჰქონდათ და რომელზე ბასკაროც იმყოფებოდა, ცუდი ამინდის გამო მექსიკის ყურეში დაიკარგა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხომალდმა შენიშნა.

ბასკარო 1980 წელს დააკავეს, გაასამართლეს და 60-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან ბასკარომ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და სხვა ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა. ამას ის საკუთარი მორალური ღირებულებებით და ეთიკით ხსნის, რომელიც სამხედრო სამსახურისას გამოუმუშავდა.

ამის შემდეგ ბასკაროს ქალიშვილმა მისთვის სასჯელის შემსუბუქება არაერთხელ ითხოვა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული კანონები მას შემდეგ რამდენიმეჯერ შეიცვალა, ცვლილება ბასკაროს განაჩენს არ შეეხო. საბოლოოდ, კარგი ყოფაქცევისათვის მას სასჯელი 20 წლით შეუმცირეს.

კომენტარები