კახა კალაძე

კალაძე აშშ-ის ბაზებზე: როგორც მინუსები აქვს, ასევე პლიუსები

პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თოქ-შოუს იმედი LIVE-ის ეთერში საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განლაგებაზე თქვა, რომ ამ თემას, როგორც მინუსები - ასევე პლუსებიც აქვს. მისი თქმით, ეს არ არის მარტივი საკითხი და არც დღის წესრიგში დგას.

"როგორც მინუსები აქვს ამ კონკრეტულ თემას, ბაზებთან დაკავშირებით, ასევე აქვს პლიუსები. შესაბამისად ეს არ არის მარტივი საკითხი და დღის წესრიგში არ დგას," - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი განცხადება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ აშშ-ის ბაზების განლაგება შეიძლება პროვოკაციად აღიქმებოდეს და თავად კალაძის გამოხმაურებაზე, რომ პარტია ქართულ ოცნებასთან ნუ გააიგიგივებდნენ სალომე ზურაბიშვილს.

"ჩემი პასუხი იყო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტია ქართული ოცნების წევრი. ის კენჭს იყრიდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ და ეს გაჟღერებული იყო. ჩართული ვიყავით ყველა აბსოლუტურად არჩევნებში და ჩვენი სურვილი იყო დამოუკიდებელი კანდიდატი გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად, საზოგადოების უმრავლესობამ, ნუ მეორე ტური დაჭირდა, მაგრამ არჩეულ იქნა. თვითონ ბაზებს რაც შეეხება, მე მაშინაც გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხდება ზოგადად, წინასწარი კომუნიკაციის, მთავრობის მოლაპარაკებების შედეგად. ამერიკა, ვიცით ახლა, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და დამხმარე, მეგობარი ქვეყანა არის და რაც კი ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ მას შემდეგ ჩვენ გვეხმარება, მხარს გვიჭერს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ჩვენთან ერთად, შესაბამისად, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თემებზე არის საუბარი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად ხდება, გადაწყვეტილებების მიღება." - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისს სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ბაზების განთავსებაზე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზების განლაგება პროვოკაციად შეიძლება აღიქვან, როგორც რუსეთის მხრიდან, ასევე იმ ტერორისტების მხრიდან, რომლებიც რეგიონში ძალიან აქტიურები არიან - "არ მგონია, ეს რეკომენდირებული იყოს. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება, პროვოკაციად იყოს აღქმული. ასევე, არ მგონია, რომ აშშ მზად იყოს იმისთვის, რომ აქ სამხედრო ბაზა განათავსოს, რაც ორმხრივ რეაქციას გამოიწვევს, როგორც რუსეთის მხრიდან, ისე იმ ტერორისტების მხრიდან, რომლებიც რეგიონში ძალიან აქტიურები არიან ."

თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვაზე, აშშ-ის სამხედრო ბაზების შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ქართული ოცნების პოზიციაა, თუ მხოლოდ პრეზიდენტის განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი, არანაირი კავშირი აქვს ქართულ ოცნებასთან და ნუ გააიგივებდნენ მას პარტიასთან - "ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არა აქვს ქართულ ოცნებასთან. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატი, რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ."

კომენტარები