სილამაზის ინდუსტრია

მაკიაჟის არტისტმა ჯეიმს ჩარლზმა ბოლო სამ დღეში Youtube-ზე 3 მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა

მაკიაჟის არტისტმა, ჯეიმს ჩარლზმა ბოლო სამ დღეში იუთუბზე 3 მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა. 19 წლის ვიზაჟისტს პარასკევს 16 მილიონზე მეტი მიმდევარი ყავდა, ახლა კი მათი რიცხვი დაახლოებით 13 მილიონია. 

მიზეზი მასა და მის მენტორს, ასევე მაკიაჟის არტისტს, ტატი ვესტბრუკს შორის დაპირისპირება გახდა. 

ტატიმ 10 მაისს 43 წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უთანხმოების დეტალებზე საუბრობს. 

მან ჯეიმსს მის შესახებ ტყუილებში დასდო ბრალი - თქვა, რომ ჩარლზი სილამაზის ინდუსტრიაში მის დამაზიანებელ ხმებს ავრცელებდა. 

ვესტბრუკმა ასევე გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ჰომოსექსუალი ჩარლზი ტატის დაბადების დღის წვეულებაზე, რესტორანში ჰეტეროსექსუალ მიმტანზე მიუღებელ კომენტარებს აკეთებდა, შენიშვნის მიღების შემდეგ კი თავისი საქციელი "სელებრითობით" ახსნა.

"მომდევნო დღეს ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან სათითაოდ ვრეკავდი და ჯეიმსის ნაცვლად ბოდიშებს ვიხდიდი

შენ იცი, რომ გულისამრევია სხვისი სექსუალობით მანიპულირება, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ სხვები ჯერაც არ არიან ზრდასრულები და ყველაფერი გარკვეული არ აქვთ. შენ შენს დიდებას, ძალაუფლებას და ფულს იყენებ, რათა ადამიანების გრძნობებზე ითამაშო", - თქვა ტატი ვესტბრუკმა

მისივე თქმით,  ჯეიმსის ამ და მისთვის მიუღებელი სხვა საქციელების გამო თავს ისე გრძნობს, თითქოს უღალატეს, ვინაიდან, ჯეიმს ჩარლზის კარიერულ წარმატებაში სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი. 

"მე არ მინდა, შენი მეგობარი ვიყო, მე არ მინდა, შენთან ვიყო ასოცირებული" - თქვა ვესტბრუკმა. . 

ჯეიმს ჩარლზი ცნობილი იუთუბზე მაკიაჟის ტურორიალებით და სხვადასხვა კოსმეტიკური ბრენდის შეფასებებით გახდა. ტატი ვესტბრუკი მისი მენტორი იყო. სწორედ ტატის დახმარებით გახდა ის მსოფლიოს კოსმეტიკური ბრენდის, Covergirl-ის მამრობითი სქესის პირველი ელჩი. 

ტატი ვიდეოში იმასაც ყვება, რომ როცა ჯეიმსი კარიერას იწყებდა, სფეროს მსხვილ მოთამაშეებს "ახალი ბავშვის" მიღება არ სურდათ და ბიზნესში სწორედ მან გაუკვალა გზა. საქმეში ვესტბრუკის ქმარიც იყო ჩართული - ჩარლზს კონტრაქტების გაფორმებაში სწორედ ის ეხმარებოდა. 

თავად ტატი, გარდა მაკიაჟის ტუტორიალების ვიდეოებისა, ვიტამინებს აწარმოებს. 

ცოტა ხნის წინ ჯეიმს ჩარლზმა თავის ერთ-ერთ ვიდეოში ტატის პირდაპირ კონკურენტ ბრენდს გაუწია რეკლამა. ვესტბრუკი ამბობს, რომ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადაწყვიტა, ჯეიმსთან თავისი ურთიერთობების და წყენის შესახებ საჯაროდ ესაუბრა. 

ჯეიმს ჩარლზმა ტატის ამ განცხადებების საპასუხოდ ბოდიშიც მოიხადა. თუმცა, ე.წ სილამაზის თემში მისი ბოდიში არადამაჯერებელი აღმოჩნდა. 

"ტატის და ჯეიმს ვესტბრუკს - ძალიან ვწუხვარ იმ ყველაფრისთვის, რაც ხდება და რისი გადატანაც ჩემ გამო მოგიწიათ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემი კარიერა მუდმივად შეცდომების დაშვება, შემდეგ კი სწავლა და გაზრდაა. ჩემს საქმეს ყოველთვის კარგად არ ვაკეთებდი, ამას ვაღიარებ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი", - თქვა ჯეიმს ჩარლზმა. 

მომხდარის გამო ჯეიმს ჩარლზის იუთუბზე გამომწერების რაოდენობა კლებას განაგრძობს, პარალელურად კი ტატი ვესტბრუკის გამომწერების რაოდენობამ თითქმის 6 მილიონიდან 9 მილიონამდე მიაღწია. 

კომენტარები