მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილს, მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხავენ

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს, მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხავენ. პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერის თავიდან დაკითხვის შუამდგომლობით პროკურატურას ადვოკატმა მიმართა. პროკურატურის განცხადებაში ასევე ეწერა, რომ მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს, იგი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა.

პროკურატურა ამბობს, რომ მერაბიშვილს არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან თვისებები. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ მერაბიშვილის პირდაპირ ადებს ხელს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და ამბობს, რომ ის აშანტაჟებდა და "იმაზე გამოკიდება 5 წლის წინ, რომ გაიყვანეს ჭაღარა იყო ის ადამიანი თუ ძალიან ჭაღარა არასერიოზულია". 

გიორგი ჩივიაშვილი ტაბულასთან საუბრისას, ასევე ამბობს, რომ მერაბიშვილის ახლა გამოკითხვა პიარული და მოჩვენებითი ამბავია, რადგან ზაფხულში დაგეგმილ მინისტერიალზე ხელისუფლებას რამე უნდა ჰქონდეს გაკეთებული ამ საქმეზე, რომ პოზიცია წარადგინოს, რადგან მინისტრთა კომიტეტმა დაავალა ხელისუფლებას დააიდენტიფიციროს და პასუხისგებაში მისცეს ყველა პირი, ვინც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაში მონაწილეობდა.

ყოფილის პრემიერმინისტრის გამოკითხვა დღეს 13:00 საათზე არის დაგეგმილი. 

ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები).

ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ.

სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

2018 წლის 6 დეკემბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დასკვნაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.

კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნება ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები