ევროპული საქართველო

რატიანი: პედაგოგების ხელფასები მართლაც რომ გაიზარდოს, ეს მხოლოდ 10%-ს შეეხება

მეორე არხი

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი განათლების მინისტრის ინიციატივას ეხმაურება, რომელმაც 13 მაისს პედაგოგებისთვის დანამატების ზრდა დააანონსა. 

რატიანი ამბობს, რომ ეს ინიციატივა არსებულ სიტუაციაში კითხვის ნიშნებს აჩენს და საეჭვოს ხდის ამ ინიციატივის განხორციელებას. 

"მიმდინარე წლის 7 მაისს კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, განაცხადა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული არ არის. თუმცა, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაშიც კი, 57 527 პედაგოგიდან დაანონსებული ხელფასების ზრდა 5 869 მასწავლებელს შეეხება, საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ს,"- ამბობს რატიანი. 

დეპუტატის თქმით, რამდენიმე წელია, ყველა შეხვედრაზე, მათ შორის, ახალი მთავრობის წარდგენის დროს, ის მთავრობის შემადგენლობას მოუწოდებს, რომ განათლების სისტემის ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემით დაინტერესდნენ. 

"სტატუსის მქონე პედაგოგების ანაზღაურების მოქმედი წესი წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან უსამართლო ქმედებას, რითაც ფაქტობრივად, სტატუსიან პედაგოგებს სახელმწიფო ართმევს კუთვნილი ხელფასის დანამატს. პრობლემის მოგვარება დამოკიდებულია მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკურ ნებაზე, თუმცა წლებია, ხელისუფლება უყურადღებოდ ტოვებს საკითხს, რომელიც 26 000-მდე პედგოგისთვის აღადგენს სამართლიანობას - მიეცეთ კუთვნილი ანაზღაურება.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ მასწავლებელთა სახელფასო მატება, თუკი ასეთი საერთოდ განხორციელდა:

კვლავ არ გულისხმობს კვალიფიციური პედაგოგების 77%-ისთვის კუთვნილი სახელფასო დანამატის გაცემას ან/და სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხების არარსებობის გამო, რეფორმის ფარგლებში დაანონსებული ხელფასის მატება ფორმალური ხასიათის იქნება, რაც გავლენას ვერ მოახდენს პედაგოგთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ნეგატიურად აისახება როგორც პროფესიული განვითარების მოტივაციაზე, ასევე განათლების ხარისხზეც,"- ამბობს სერგო რატიანი.

13 მაისს განათლების სამინისტრომ ახალი რეფორმა დააანონსა, რომლის ფარგლებშიც სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მეტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. სამინისტროს ცნობით, ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პეადგოგის საშუალება ანაზღაურება 1 500 ლარს და მეტს გაუტოლდება. 

სამინისტროს მიერ დაანონსებული სახელფასო ზრდა ასევე რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხებათ.

ამასთან, რეფორმის ფარგლებში პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც ზაფხულში მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ და სტატუსს აიმაღლებენ, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებს ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.

კომენტარები