ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკა

ბორცვაძე: კლუბებში სპეცოპერაციების შემდეგ ნარკოტიკით გარდაცვალების ფაქტები 5-ჯერ შემცირდა

შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე
შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ნარკოდანაშაულის გახსნილ ფაქტებზე ბრიფინგი ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგაც მას ჟურნალისტმა 1 წლის წინ, 12 მაისის ღამით კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე ჰკითხა. 

ბორცვაძემ შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ნათქვამი გაიმეორა და აღნიშნა, რომ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები 5-ჯერ შემცირდა. 

"მას შემდგომ, რაც ჩვენ კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, წინა წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები შემცირდა ხუთჯერ. ამავდროულად, ამ საგამოძიებო მოქმედებებით, ჩვენ ვამხილეთ 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც კლუბების შიგნით და ასევე, კლუბების მიმდებარედ, ეწეოდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებას. დღევანდელი მოცემულობით რვავე ნარკორეალიზატორის მიმართ დადმგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. სწორედ ეს არის ის რეზულტატი და ის შედეგი, რომელიც ჩვენ ამ ღონისძიებების შედეგად მივიღეთ,"- ამბობს ვლადიმერ ბორცვაძე.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში "ბასიანი" და "გალერი" 2018 წლის 12 მაისის ღამეს შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და ათეულობით მონაწილე დააკავა. შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავა.

12 მაისის ღამესვე პარლამენტის შენობასთან დაიწყო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე, ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

პარალელურად, დაიგეგმა და ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების რამდენიმე აგრესიული კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. შსს-მ ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებიც განათავსა. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა პირველი განცხადება საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა. ის მიმდინარე პროცესებს 14 მაისს, დღის ბოლომდე არ გამოხმაურებია. გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, თუმცა აქციის მოთხოვნებზე ან სპეცოპერაციის ფორმებზე და ვინმეს პასუხისმგებლობაზე არც იქ უსაუბრია. პრემიერმინისტრმა აქციის მონაწილეებს მისცა პირობა, რომ მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა.

ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს გარკვეული დაპირებებიც მისცა, მათ შორის არის 12 მაისის ღამეს უფლებების დარღვევის განხილვა, ასევე "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა".

შედეგად, აქცია დაიშალა. მონაწილეები ტერიტორიიდან შსს-ს დახმარებით გაიყვანეს, რის შემდეგაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა "გამარჯვება" იზეიმეს.

აქციას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც და აღნიშნა, რომ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა, მაგრამ პარლამენტის წინ შეკრებული ახალგაზრდების ნაწილის ქცევამ და განცხადებებმა უარყოფითი მუხტი შემოიტანა და კონტრაქციის ჩატარების საფუძველი წარმოშვა.

კომენტარები