ახლო აღმოსავლეთი

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო ნავთობის ფასები იზრდება

Fox

 

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო ნავთობის ფასები იზრდება. ბარელის ფასმა 1.9%-ით მოიმატა.

გუშინ საუდის არაბეთმა თქვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან მათ ნავთობის ორ ტანკერს საბოტაჟი მოუწყვეს. საამიროების განცხადებით თავდასხმის სამიზნე 4 ტანკერი იყო. მათგან ორი საუდის არაბეთის, ერთი საამიროების და ერთი ნორვეგიის დროშის ქვეშ დაცურავდა. ნორვეგიულ ტანკერს კორპუსი დაუზიანდა.


ფოტო: Getty Images

შეგახსენებთ, რომ ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. ირანთან ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისი ვრცელდებოდა ჩინეთზე, ინდოეთზე, თურქეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში 2 მაისამდეა და როგორც პომპეომ თქვა აღარ განახლდება. მიუხედავად ამისა ჩინეთი ამბობს, რომ ირანთან ვაჭრობას გააგრძელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, ირანიდან მომავალი საფრთხის გამო რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

მიუხედავად ამისა სხვა ხელმომწერები, მათ შორის ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ შეთანხმების მხარდაჭერას და ცდილობდნენ აშშ-ის სანქციებისათვის გვერდი აექციათ, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა შეთანხმების შესრულება.

ფასის მატებას აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის ეკალაციასაც უკავშირებენ, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა გასულ კვირას 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები გააორმაგა, რასაც ჩინეთმა 60 მილიარდის ამერიკულ საქონელზე ტარიფების გაზრდით უპასუხა.

კომენტარები