არჩევნები 2019

ზუგდიდში ენმ-ს წევრებს და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

​ზუგდიდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ მისდევს რამდენიმე ადამიანი ფოტოგრაფს და რამდენჯერმე ხელს ჰკრავს მას. ასევე, ისმის გინება ქართულად და მეგრულად.

"ოდიშის" ჟურნალისტი ტაბულასთან ამბობს, რომ დადიანების სასახლის ეზოში გადაცემის ჩაწერას აპირებდნენ, რომლის სტუმარი სანდრა რულოვსი იყო. ლევან თორიას ინფორმაციით, ამ დროს მათთან 4 ადამიანი მივიდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ თავდაპირველად თავს კულტურის ყოფილ მინისტრ ნიკა ვაჩეიშვილს დაესხნენ, შემდეგ კი მას.

"სანამ დავიწყებდით გადაცემის ჩაწერას, მოვარდა 4 პროვოკატორი და დაიწყეს ყვირილი, გადმოვიდნენ შეურაცხყოფაზე. ძირითადად მაინც სიტყვიერი შეურაცხყოფები იყო, მაგრამ იყო შეხლა-შემოხლაც. პირველად მივიდნენ ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა პირველად, შემდეგ გადმოვიდნენ ჩემზე, მეც დამარტყეს და შესაბამისი პასუხიც მიიღეს. სახეზე არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ვიცი, ხელისუფლების დავალებებს ასრულებენ და დიდი ხანია პროვოკაციებს აწყობენ, მაგრამ პოლიციის მხრიდან რეაგირება არ არის", - ამბობს ჟურნალისტი ტაბულასთან.

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს თავდამსხმელები ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან და მათი მხრიდან პროვოკაციები იყო ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრის დროსაც.

"მოვიდნენ გინებით, ქართულად მეგრულად. შეურაცხყოფა მოგვაყენეს, არ გვამუშავეს. პატარა გადაღება გვქონდა სასახლეების თემაზე. გინებაზე გადავიდნენ და მერე ჩხუბზე. ჩვენს ჟურნალისტს, ფოტოგრაფს გაეკიდნენ, დასდევდნენ. მერე დაცვის პოლიციას ვთხოვე, რომ შეატყობინეთ პოლიციას-მეთქი, მაგრამ ეს 15 წუთი გრძელდებოდა და არავინ გამოჩენილა. ახლა მოვიდნენ, როცა ისინი უკვე წასულები არიან", - ამბობს სანდრა რულოვსი.

ამასთან, ენმ-ის ინფორმაციით, ჟურნალისტის გარდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შეხვედრაზე მყოფ პარტიის წარმომადგენლებს - ზაალ სამადაშვილს, ნიკა ვაჩეიშვილს, ასევე, ფოტოგრაფს.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ოფისში არიან, სადაც გამოძახებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები