წინასაარჩევნო გარემო

გახარია ზუგდიდზე: არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე - მიეცემა პასუხისგებაში

„ყველა ექსცესი იქნება დეტალურად გამოძიებული და არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე - მიეცემა პასუხისგებაში“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის ბოლოს გახარიამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მათ შორის ზუგდიდში მომხდარ ინციდენტებზე. 

„ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული და ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავედ წარმოდგენილი. ჩვენ როგორც წინა არჩევნებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, აბსოლუტურად ადეკვატური შეფასებები მივიღეთ. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წინა არჩევნები  შეფასებული იყო როგორც ძალადობის მხრივ ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. ზუსტად ასე, ყველა მხარე, ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული დეტალურად და შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე - მიეცემა პასუხისგებაში. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციებით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი და მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება გამოხატონ თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში, რასაც რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს,“ - თქვა გახარიამ.

დღეს ზუგდიდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ მისდევს რამდენიმე ადამიანი ფოტოგრაფს და რამდენჯერმე ხელს ჰკრავს მას. ასევე, ისმის გინება ქართულად და მეგრულად.

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს თავდამსხმელები ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან და მათი მხრიდან პროვოკაციები იყო ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრის დროსაც.

 

კომენტარები