ანტიდემპინგი

თურნავა: შემოგვაქვს ანტი-დემპინგური კანონმდებლობა

კომერსანტი

რუსთავის ფოლადის მეტალურგიულ ქარხანაში სტურმრობისას, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ საწარმოს მთავრობის "დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება სამართლიანი კონკურენციის შემოღების კუთხით."

"ჩვენ ახლა ვამზადებთ და შემოგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რაც არის აბსოლუტურად ცივილიზებული მიდგომა ბაზრის დემპინგური გამოვლინებებისგან დასაცავად. ვფიქრობთ, რომ ეს დიდად წაადგება ბიზნესს, მათ შორის მეტალურგიულ კომპლექსს.“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მეტალურგიულ ბიზნესს ყველანაირად დაუდგება გვერდში როგორც საგარეო, ისე შიდა ბაზარზე, მათ შორის უხარისხო ანალოგებისგან დაცვის კუთხით.“

ეკონომიკის სამინისტროს რელიზში ასევე ნათქვამია რომ პირველი მაისიდან დერეგულაციის ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც მსხვილ ინდუსტრიულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდონ.

"ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, მათ შორის, „რუსთავის ფოლადისთვის“, რომ მათ  გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე."- ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოში ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღების შესახებ საუბარი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო. ამ კანონის მიღებას აქტიურად უჭერდნენ მხარს გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი. 2015 წელს დიმიტრი ქუმსიშვილმა ისიც თქვა, რომ ეს კანონი "უდიდესი სიკეთე" იქნებოდა. ამ კანონის მიღების ლობისტი წარსულში გოგი თოფაძე და მრეწველთა პარტიაც იყო.

რატომ დააზარალებს ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართველოს მოსახლეობას:

დემპინგის აკრძალვის დროს მოსახლეობა ზარალდება, რადგანაც ისინი უცხოური პროდუქციის შეღავათიან ფასად ყიდვის საშუალებას კარგავენ, მოგებულ მდგომარეობაში კი ადგილობრივი კომპანიები რჩებიან, რომლებიც აღნიშნულ საქონელს შედარებით ძვირად აწარმოებენ. ამ დროს მოსახლეობას მხოლოდ ადგილობრივი და შედარებით ძვირიანი პროდუქციის ყიდვის ალტერნატივა აქვს, რაც მათი მსყიდველუნარიანობის შემცირებას იწვევს. ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოსთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ანტიდემპინგური კანონმდებლობა შესაძლოა ბუნდოვანიც იყოს, რაც შეიძლება კანონის ნორმების ფართოდ განმარტებისა და, შედეგად, კომპანიებისთვის ახალი ფინანსური ბარიერის შექმნის ტოლფასი გახდეს. 

კომპანიები ზოგიერთ შემთხვევაში საქონელს მის თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასადაც ყიდიან, რაც მრავალ მიზანს, მათ შორის, მომხმარებლების მოზიდვას, ფინანსური დანაკარგის თავიდან არიდებას და ა.შ. შეიძლება მოიცავდეს. ასევე საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს დემპინგურ ფასს.

 

კომენტარები