თავდასხმა ზუგდიდში

GDI ზუგდიდზე: კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოხდეს მყისიერი, ადეკვატური და მკაცრი რეაგირება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება 2019 წლის 14 მაისს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს და მიაჩნია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა საჭიროებს სათანადო რეაგირებას, რომლის განუხორციელებლობაც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვნად დააზარალებს და შექმნის დესტაბილიზაციის რისკებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ შემთხვევაზე მოხდეს მყისიერი, ადეკვატური და მკაცრი რეაგირება.

"მიგვაჩნია, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი არის პოლიტიკურად მოტივირებული აგრესიის მორიგი გამოვლინება, რომელიც ერთი მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე, მეორე მხრივ კი მიუთითებს არასტაბილურობის საშიშროებაზე და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა მიმართ შეუმწყნარებლობის გაღვივებაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა საარჩევნო პერიოდში მიმდინარე აგრესიული კამპანიის, ისევე როგორც მანამდე ფაქტობრივად რეაგირების გარეშე დარჩენილი შემთხვევების შემდგომ (მაგალითად კორცხელის მოვლენები) პრინციპში გასაკვირი არაა ამგვარი მოვლენები. მეტიც, მოსალოდნელია რომ უახლოეს დღეებში მსგავსი ინციდენტები მომრავლდეს კიდეც. ამავდროულად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ინიცდენტი მმართველი პარტიის მიერ იყოს მხარდაჭერილი. ამ მხრივ ყურადღსაღებია რუსთავი 2-ის მიერ დღეს გავრცელებული კადრები, სადაც სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია საუბრობს, თუ რა არაკანონიერი მეთოდების გამოყენებას აპირებს არჩევნების მოსაგებად," - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში. 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ შემთხვევაზე მოხდეს მყისიერი, ადეკვატური და მკაცრი რეაგირება. ასევე მიიჩნევენ, რომ გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის  მიმართულებითაც უნდა დაიწყოს.

"პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკურ ნიადაგზე ძალადობრივი დაპირისპირებები დემოკრატიული პროცესების ხელშეშლის სერიოზული ფაქტორია. მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნაში კი მას დამღუპველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამჯერად მაინც გაიზარებს თავისუფალი საარჩევნო გარემოს მნიშვნელობას და არ შექმნის ძალადობის ესკალაციის საფრთხეებს. ამის სანაცვლოდ კი იქნება არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტიორი," - წერია განცხადებაში. 

დღეს ზუგდიდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ მისდევს რამდენიმე ადამიანი ენმ-ის ფოტოგრაფს და რამდენჯერმე ხელს ჰკრავს მას. ასევე, ისმის გინება ქართულად და მეგრულად.

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს თავდამსხმელები ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან და მათი მხრიდან პროვოკაციები იყო ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრის დროსაც.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით და ერთი ადამიანი არის დაკავებული. 

კომენტარები