ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

რუსთავი2

ზუგდიდში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

უწყების ცნობით, გამოძიება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

მათივე თქმით, გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, ამავე მუხლით ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც დაიწყო. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დღეს ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ქართული ოცნების ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს. 

ჩანაწერში, სავარაუდოდ დანელია პირს ეუბნება, რომ "ზემოდან" დავალება მიიღო, რომ ამომრჩევლის ხმები "ნებისმიერ ფასად" მიიღონ და "ყველაფერზე თანხმობაა მიღებული".

"თათბირზე ვიყავი ახლა და თბილისიდან იყო წარმომადგენელი. კაროჩე ნებისმიერი მეთოდით იმუშავეთო, ტერორით, დედა .... მოსყიდვა - მოისყიდეთო, გასატაცებელია - ყველაფერზე თანხმობაა მიცემულიო",- ისმის ჩანაწერში. 

ასევე, ჩანაწერში ისმის, რომ გალიდან 30 "მაყურებელი" და ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთვებიან საქმეში. 

ჩანაწერის თარიღი უცნობია, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე ის წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

რუსთავი2-თან საუბარში დანელიამ თქვა, რომ ვიდეო ფალსიფიცირებულია და მისი ხმა არ არის. 

ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო საუბარში დანელიამ თქვა, რომ ჩანაწერში ტავი იცნო, მაგრამ საუბარი არ ახსოვს და პასუხის გასაცემად დეტალურად უნდა გამოიკვლიოს. მისი თქმით, ისეთი სახელები ისმის ვისაც არ იცნობს.

"წინასაარჩევნოდ, მის მხარდამჭერ ჯგუფში ვიყავი, ვიდეოშიც ვიყავი, კლიპშიც და ეს შეიძლება უბრალოდ კონტექსტიდან ამოგლიჯონ და ჩასვან. მე როგორც გამეგება ხშირად ვუყურებ გადაცემებს, შენთვის სასურველ ჯგუფთან და მისცე მათ სასურველი ინფორმაცია. ამ ფარულ ჩანაწერშიც, სიმართლე გითხრათ იმდენი სატელეფონო ზარი შემოდის და ეს დეტალურად არ განმიხილავს. მე უნდა დავჯდე, გადავახვიო და დავრწმუნდე რომ მე ვარ და დეტალურად უნდა გავშიფრო ის რომ მე რაღაცაზე ვსაუბრობ, მაგრამ მე გარკვეული მონაკვეთები რომ წავიკითხე ერთმანეთს არ ესაბამება არაფერი"- ამბობს დანელია.  

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

კომენტარები