აშშ-ირანი

აშშ ჰორმუზის სრუტესთან ნავთობის ტანკერების საბოტაჟში ირანს ადანაშაულებს

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

ამერიკელ გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ ჰორმუზის სრუტესთან ნავთობის 4 ტანკერისათვის მოწყობილი საბოტაჟის და მათი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაზიანების უკან ირანი ან მათ მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დგანან.

ინციდენტის გამოსაძიებლად სამხედრო ექსპერტები გაიგზავნენ, რომლებმაც ტანკერების კორპუსში მოზრდილი ხვრელები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი თქმით ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად გაჩნდა.

მომხდართან ირანის დამაკავშირებელი სამხილები ჯერ-ჯერობით არ გამოქვეყნებულა. ქვეყნებს, რომლებსაც ტანკერები ეკუთვნით ჯერ-ჯერობით კონკრეტულად არავინ დაუდანაშაულებიათ.

ტაზიანებული ტანკერებიდან ორი საუდის არაბეთის, ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ხოლო ერთი ნორვეგიის დროშის ქვეშ დაცურავდა.

კომპანიის, რომელსაც ნორვეგიული გემი ეკუთვნის, განცხადების მიხედვით, გემის კორპუსს ჯერ-ჯერობით დაუდგენელი საგანი მოხვდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საუდის არაბეთის თქმით მათ ხომალდებს სერიოზული ზიანი მიადგა.

ფოტო: Getty Images

ირანმა ინციდენტს "შემაშფოთებელი" უწოდა და მისი სრულად გამოიძიება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ნავთობის ფასებზეც აისახა.

ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. ირანთან ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისი ვრცელდებოდა ჩინეთზე, ინდოეთზე, თურქეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში 2 მაისამდეა და როგორც პომპეომ თქვა აღარ განახლდება. მიუხედავად ამისა ჩინეთი ამბობს, რომ ირანთან ვაჭრობას გააგრძელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, ირანიდან მომავალი საფრთხის გამო რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

მიუხედავად ამისა სხვა ხელმომწერები, მათ შორის ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ შეთანხმების მხარდაჭერას და ცდილობდნენ აშშ-ის სანქციებისათვის გვერდი აექციათ, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა შეთანხმების შესრულება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები