ლგბტ უფლებები

რა წერია ევროპის ქვეყნებში ლგბტ უფლებების დაცვის შემაფასებელ ახალ ანგარიშში საქართველოზე

ilga-europe

უფლებათა დამცველმა ჯგუფმა ILGA-Europe-მა ევროპის 49 ქვეყანა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის მხრივ შეაფასა. ყველაზე მაღალი შეფასება მალტამ (90%), ბელგიამ (73%) და ლუქსემბურგმა (70%) მიიღეს, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანმა (3%), თურქეთმა (5%) და სომხეთმა (7%). საქართველოს 30%-იანი შეფასება აქვს და 24-ე ადგილს იკავებს.

შეფასება ხდება თანასწორობის (საკონსტიტუციო, დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის და ა.შ.), ლეგალური აღიარების, ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის ენის ან ძალადობის, საჯარო სივრცეში თავისუფლების (გამოხატვის, შეკრების და ა.შ.) კრიტერიუმებით.

საქართველოს შემთხვევაში ანგარიშში აღნიშნულია სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები, მათ შორის "ქართული ოცნების" დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის სიტყვა პარლამენტში: "მაგრამ მე როგორც მოქალაქე, ცხადია ვითხოვ იყოს კატეგორიულად დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი, სწორედაც ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ."

ასევე აღნიშნულია ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ დაფიქსირებული ძალადობის 20 დოკუმენტირებული შემთხვევა. ასევე ნახსენებია თავდასხმები უფლებათა დამცველებსა და აქტივისტებზე. ანგარიშში აღნიშნულია ლგბტ ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები განათლების, დასაქმების, სოციალურ და ჯანდაცვის სერვისების მიღების კუთხით.

ასევე ნახსენებია რეიდები ბასიანსა და კაფე გალერიზე, საპროტესტო აქციები და ექსტრემისტების მხრიდან თავდასხმის საშიშროების და პოლიციის მხრიდან არასაკმარისი დაცვის პირობებში 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმება.

ანგარიშში საუბარია გურამ კაშიას მიერ უეფას თანასწორობის ჯილდოს მიღებასა და მის მხარდასაჭრად სტადიონზე აქტივისტების მისვლაც. აღნიშნულია, რომ მხარდამჭერებს სტადიონზე ცისარტყელს დროშებით და სხვა სიმბოლოებით შესვლის საშუალებას პოლიცია არ აძლევდაი.

შეფასებები 2019 Rainbow Europe Map-ის შესაქმნელად გამოიყენება.

ჯგუფის მიხედვით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პირველად ზოგადი ტრენდი ნეგატიურია.

კომენტარები