LGBTQ

AND THEN WE DANCED-ის პროდიუსერი: მკითხეს, თუ ცეკვავდნენ გეი ბიჭები ჩოხით, მერე მგზავრობა არ დააფინანსეს

ანა გუჯაბიძე

ფილმ AND THEN WE DANCED-ის პროდიუსერმა ქეთი დანელიამ "რადიო თავისუფლებას" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს რომ კულტურის სამინისტროსგან კანში ჯგუფის გასამგზავერებელი თანხა, 2500 ლარი ვერ მიიღეს, რომელზეც ზეპირი შეთანხმება არსებობდა.

მისი თქმით, სანამ სამინისტროდან უარს მიიღებდა, ფილმის ტრეილერი გავრცელდა, რასაც სამინიტროდან სატელეფონო ზარი მოჰყვა. მისი თქმით კულტურის სამინისტრო ფილმის თემატიკით დაინტერესდა. 

"სანამ უარს მეტყოდნენ, წინა დღეს, ფილმის ტრეილერი რომ დაიდო, დამირეკეს სამინისტროდან და გამომკითხეს ფილმის თემატიკა, ქართულ ანსამბლში ნამდვილად ჩოხებში ცეკავდნენ გეი ბიჭები თუ არა. უბრალო ინტერესად ჩავთვალე. მეორე დღეს კი მითხრეს, რომ იმ 2500 ლარსაც ვეღარ მაძლევენ. არ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან მწყდება გული. ნახევარი ჯგუფი ჩაიხსნა, ვისაც უნდა წარედგინა ფილმი პრემიერაზე, რადგან საქართველოდან გასამგზავრებელი თანხა ვერ ვიშოვეთ. რომ არა ჩემი პარტნიორების და ჩემი პირადი თანხა, მცირე ჯგუფითაც ვერ წავიდოდით ფესტივალზე",- თქვა მან. 

აღნიშნულ თემაზე ტაბულა საქართველოს განათლების სპორტისა და კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა.

სამინისტროში ამბობენ, რომ სამგზავრო გრანტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ გასცემს, ვინაიდან "ხელოვანთა მობილობის" პროგრამა ხორციელდება სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს" მიერ საკონკურსო შერჩევის გზით.

"ამასთან, კინოფესტივალზე ხელოვანისთვის სამგზავრო გრანტს გასცემს სსიპ "საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი", რომელმაც თავის მხრივ უზრუნველყო კანის კინოფესტივალზე გასამგზავრებლად შემოქმედებითი ჯგუფის 6 წევრის დაფინანსება. საპროდიუსერო კომპანიამ "თეიქს ფილმმა" სთხოვა სამინისტროს კიდევ დამატებით გამოეყო 2500 ლარი. ვინაიდან საკითხი ეხებოდა „ა“ კლასის, პრესტიჟულ ფესტივალში ფილმის მონაწილეობის საკითხს, სამინისტრომ თხოვნით მიმართა კინოცენტრს წარმოედგინა დაზუსტებული ინფორმაცია ფილმის ფესტივალში მონაწილეობის და მისი მხრიდან დაფინანსების შესახებ. კინოცენტრმა სამინისტროს მომართა 7 მაისს თხოვნით, განეხილა დამატებითი რესურსის გამოყოფის შესაძლებლობა. ფესტივალზე შემოქმედებითი ჯგუფის გასამგზავრებლად დარჩენილი იყო 5 სამუშაო დღე, რაც არასაკმარისია პროექტის დაფინანსების განსახილველად და დადგენილი პროცედურების განსახორციელებლად",- აცხადებენ სამინისტროში. 

წელს, კანის კინოფესტივალზე ქართველ მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის “Then We Danced”-ის პრემიერა გაიმართება. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა.  

კომენტარები