სახალხო დამცველი

"მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო" - ლომჯარიას ღია მიმართვა თამარ ჭოხონელიძეს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს მიმართა, რომელმაც დღეს ტვ პირველის ეთერში თქვა რომ "სექსუალური ნიშნით ადამიანების დევნა დისკრიმინაციაა".

მომღერალმა ასევე ისაუბრა მის მიმართ წამოსულ აგრესიაზე, მას შემდეგ რაც მან საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტზე მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. 

ლომჯარია ჭოხონელიძის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ მომღერალმა "ძალიან სწორი და ჯანსაღი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის, ურთიერთპატივისცემის და შემწყნარებლობის დასაცავად"

"მინდა ვუთხრა მასაც და მის მდგომარეობაში მყოფ სხვა მოქალაქეებს, რომ ის "სიძულვილი", რასაც, ალბათ, სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში აწყდებიან, ძალიან ხელოვნური, გადაჭარბებული და ხშირ შემთხვევაში არარსებულია. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი. ეს "სიძულვილი" და "აგრესია" ხელოვნურად შექმნილი და ორგანიზებულია გარკვეული ჯგუფების მიერ იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლად და გაბედულად აფიქსირებენ აზრს, დამაშინებელი გარემო შეუქმნან, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ბევრი ფიქრობს ასე და შენ ხარ უმცირესობაში, დათრგუნონ ადამიანებში აზრის თავისუფლად გამოხატვის სურვილი და ამით "აშანტაჟონ" პოლიტიკოსები, ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, ინსტიტუციები, კანდიდატები - გაატარონ მათთვის სასურველი პოლიტიკა.

ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველამ თავისუფლად, არააგრესიულად და არგუმენტირებულად გამოხატოს თავისი პოზიცია და ამიტომ ქ-ნი თამრიკოს პოზიციონირება მჯერა, რომ გადამდები იქნება სხვებისთვისაც. საზოგადოებამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი "პრიმიტიულები", როგორც ზოგიერთ პოპულისტს სურს რომ წარმოგვაჩინოს, ჩვენ არ ვართ ისეთი აგრესიულები, როგორც რამოდენიმე ჯგუფი ცდილობს, რომ სოციალურ ქსელში დახატოს. მე ბევრ ადამიანს ვხვდები და ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ხალხს უნდა არა პოპულიზმი, აგრესია და ექსტრემიზმი, არამედ კრიტიკული, ობიექტური და ჯანსაღი პოზიციონირება. ასე რომ, საზოგადოება ძალიან სწორად აკეთებს დასკვნებს, სად არის საღი აზრი", - წერს ლომჯარია Facebook-ზე

კომენტარები