თბილისის მერია

თვის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირი ეტაპობრივად გადაიკეტება - მერია მის რეაბილიტაციას იწყებს

ჭავჭავაძის გამზირი
ტაბულა

თბილისის მერია მაისის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. კახა კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე გადაიკეტება თსუ-ს პირველი კორპუსიდან ე.წ პიქსელის შენობამდე ტერიტორია. თბილისის მერი აღნიშნავს, რომ ჭავჭავაძის გამზირი უმძიმეს მდგომარეობაშია.

"თქვენ წარმოიდგინეთ, როცა გვქონდა კომუნიკაცია კომპანია GWP-სთან, ისეთი უმძიმესი მდგომარეობაა, რომ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს მოძრავი ავტომობილი მიწისქვეშ ჩავარდეს, ისეა დაზიანებული, მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები უმძიმეს მდგომარეობაშია" - თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, სწორედ მიწისქვეშა სამუშაოები შესრულდება.

"გვესმის, რამდენად რთული იქნება ამ ქუჩის გადაკეტვა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეტაპობრივად გავაკეთოთ, სექციებად გავყოთ, რომ არ გამოიწვიოს პარალიზება ავტომობილებით გადაადგილების დროს, პირველად გადაიკეტება ვარაზის ხევის ამოსასვლელიდან, პირველი კორპუსიდან პიქსელის შენობამდე, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ზუსტად ეს მონაკვეთია და პირველ რიგში გავაკეთებთ მიწისქვეშა სამუშაოებს, აქამდე მიწისქვეშა კომუნიკაციის არანაირი რეაბილიტაცია, არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა.

ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია GWP-სთან, ჩამოყვანილი ჰყავთ გერმანელი ექსპერტები, რომლებიც განახორციელებენ ზედამხედველობას, როცა სამუშაოები დაიწყება. პარალელურად ჩვენ, საქალაქო სამსახური ჩვენს კონტრაქტორთან ერთად ვიწყებთ მოწესრიგებას - გვექნება ყველანაირად განახლებული ქუჩა საფეხმავლო ბილიკებით, შეცვლილი განათებებით, ელექტროგადამცემ ხაზებს მიწისქვემოთ ჩავიტანთ, გამწვანებითი სამუშაოები ჩატარდება, იქნება შესაბამისი საავტობუსე ბილიკები, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყველაზე სწრაფად იმოძრაოს. დაახლოებით 2.5 კილომეტრი სიგრძისაა ეს ქუჩა, მაგრამ ეტაპობრივად გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად პრობლემა არ შევუქმნათ ავტომობილებით გადაადგილებას და საზოგადოებრივ ტრანსპორტს" - ამბობს კალაძე.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოების დაწყებამდე, მძღოლებს და მოსახლეობას სრულ ინფორმაციას მიაწვდიან - რეაბილიტაციის პერიოდში როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპირტი და როგორ გადაადგილდებიან ავტომობილები.

კომენტარები