თბილისის მერია

მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში მეტროს 40 ახალ ვაგონის შესყიდვას აპირებს

თბილისის მერია

თბილისის მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში მეტროს 40 ვაგონს შეისყიდის. კახა კალაძის ინფორმაციით, ვაგონები იქნება სრულიად ახალი, თანამედროვე და ევროპული ტიპის.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დედაქალაქის მოქმედი მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია და მხოლოდ 2018-2019 წლებში, ამ მიმართულებით გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტია.

"განახლდება ძალოვანი კაბელი, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემები. პროექტის ფარგლებში, ჩვენ რვა ახალი შემადგენლობა გვყავს დამატებული და სექტემბრისთვის კიდევ ოთხი შემადგენლობა დაემატება, თუმცა "მეტროპოლიტენში" დღეს 1975 წელს წარმოებული, დაახლოებით, 52 ვაგონი მოძრაობს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე წელიწადში გაუვა და მოდერნიზებას აღარ დაექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროულად უნდა ვიზრუნოთ ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ვაფორმებთ ხელშეკრულებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანიასთან, რომელმაც თავისი კრიტერიუმებით, ტექნიკური წინადადებები უნდა მოგვიმზადოს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი ვაგონების შესყიდვა. მხედველობაში მაქვს ევროპული, მაღალი სტანდარტის მქონე მეტროს ვაგონების შესყიდვა. ამ თემაზე პირადად მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, 2020-2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი ჯამში, 40 ახალ ვაგონს შეისყიდის", - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაციის გეგმაზე საუბრობს ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე. მისი თქმით,  სადგურების რეაბილიტაციის დაწყებამდე, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევა ჩატარდება.

"მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა მიმდინარეობს. ამის შემდეგ დეტალური პროექტირება მოხდება. ვიცით, რომ ეს დროში ცოტა გახანგრძლივდა, თუმცა იმისთვის, რომ არ მივიღოთ მეტროსადგურ "ვარკეთილის: მსგავსი შემთხვევა, საფუძვლიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო. შესაბამისად, ჩვენ მიერ ხდება თანმიმდევრულად და სწორად მოქმედება - სადგურების კონსტრუქციული ელემენტების მდგრადობის შესწავლა. ამის შემდეგ მოხდება პროექტირება და სამუშაოები შესრულდება. თითოეულ ეტაპზე, საექსპერტო სამუშაოები ჩატარდება. ეს კი გარკვეულ დროსთან და დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტის რეაბილიტაციის დროს, შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მივყვებით, როგორც წესი და თანმიმდევრობა იქნება", - თქვა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები