არჩევნები 2019

NGO-ები: "ოდიშის" ჟურნალისტზე თავდასხმას საქმიანობაში ხელის შეშლის კვალიფიკაციაც უნდა მიეცეს

რუსთავი 2

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ზუგდიდში, ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტზე თავდასხმას პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის კვალიფიკაციაც უნდა მიეცეს.

NGO-ები ეხმაურებიან გუშინ, 14 მაისს მომხდარ შემთხვევას, როცა რამდენიმე ადამიანი "ოდიშის" გადაცემა "ლუსტრაციის" ჩაწერისას რესპონდენტს, ზუგდიდის მერობის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსს დაუპირისპირდა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გადამღებ ჯგუფსაც. 

"მიგვაჩნია, რომ გადამღებ ჯგუფთან მიმართებაში ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას - იძულებას, ჟურნალისტმა თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან. მნიშვნელოვანია საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული, დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ამასთან, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აუცილებლად მიიჩნევს, ყველა მხარემ გაიაზროს მედიის როლი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

"სწორედ მედიის წარმომადგენლების მხრიდან ხდება მოსახლეობის ინფორმირება იმ საარჩევნო საკითხებზე, რომელიც დაეხმარება კენჭისყრის დღეს გადაწყვეტილების მიღებაში", - აღნიშნავენ NGO-ები.

კოალიციაში შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი გადაცემას წერდა, რომლის რესპონდენტი სანდრა რულოვსი იყო.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ მისდევს რამდენიმე ადამიანი ენმ-ის ფოტოგრაფს და რამდენჯერმე ხელს ჰკრავს მას. ასევე, ისმის გინება ქართულად და მეგრულად.

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ თავდამსხმელები ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან და მათი მხრიდან პროვოკაციები იყო ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრის დროსაც.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დღის ბოლოს, უწყებამ ერთი პირი დააკავა.

კომენტარები