ჩინეთი

ჩინეთში Wikipedia-ს არამხოლოდ ჩინურად, არამედ ყველა ენაზე აკრძალეს

The San Diego Union-Tribune

23 აპრილიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში Wikipedia-ს ყველა გამოცემა დაბლოკეს. ინფორმაცია Wikimedia-ს ფონდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მართალია, ამ დრომდე 2015 წლიდან Wikipedia-ს მხოლოდ ჩინური ვერსია იყო დაბლოკილი, თუმცა ამიერიდან Wikipedia ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ყველა ენაზე აკრძალულია. ჩინეთში მყოფები ამჟამად ვეღარ ხსნიან ვებ-გვერდს.

"აპრილის ბოლოს, Wikimedia-ს ფონდმა აღმოაჩინა, რომ ჩინეთში Wikipedia აღარ იყო ხელმისაწვდომი. შიდა ანალიზის შემდეგ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ Wikipedia-ს ყველა ენის ვერსია ჩინეთში ამჟამად აკრძალულია," - ვკითხულობთ ოფიციალურ ანგარიშში.

ჩინეთში ცენზურის გამო ათასობით ვებ-გვერდი დაბლოკილია, მათ შორის, Facebook, Twitter, Instagram, Google search და სხვ. ჩინეთს საკუთარი ინტერნეტ სივრცე აქვს, რაც ჩინეთის დიდი ცეცხლოვანი კედლის სახელით არის ცნობილი. Facebook-ის, Google-ისა და სხვა ცნობილი ვებ-გვერდების ჩამნაცვლებლად კი საკუთარი ჩინური ვერსიის ვებ-გვერდები არის შექმნილი.

უცხოელები და ჩინელთა მცირე ნაწილი აკრძალულ ვებ-გვერდებზე შევლა VPN-ის პროგრამით შეუძლიათ, თუმცა ჩინეთის კომუნისტური პარტია პერიოდულად სხვადახვა VPN-საც ბლოკავს, ზოგ შემთხვევაში კი მის მომხმარებელს აჯარიმებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ინტერნეტ ცენზურაზე მომუშავე მაღალჩინოსნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის წინ ან სენსიტიურ თარიღებზე ხშირად მიმართავენ ცენზურას. 2019 წლის 4 ივნისს თიანმენის ტრაგედიიდან 30 წელი გადის. 1989 წელს პეკინში თიანმენის მოედანზე სტუდენტებმა პრო-დემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2017 წელს Wikipedia თურქეთში, ხოლო წელს ვენესუელაშიც აკრძალეს.

კომენტარები