არჩევნები 2019

პრემიერი ზუგდიდზე: პროვოკატორებს არ მივცემთ საშუალებას, ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესს

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, "ზუგდიდში, ისევე, როგორც ყველა სხვა ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტის დაცვით". მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.

“არჩევნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება”, - თქვა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. რუსთავი 2-ის კადრებში ჩანს, როგორ მისდევს რამდენიმე ადამიანი ფოტოგრაფს და რამდენჯერმე ხელს ჰკრავს მას. ასევე, ისმის გინება ქართულად და მეგრულად. ფოტოგრაფზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამასთან, გუშინ ღამე ხმაური იყო ზუგდიდი საოლქო საარჩევნო კომისიასთან - ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენებას ითხოვდა. ოპოზიციის წევრების თქმით, საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაიგზავნა. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომის გარდა, ასევე ითხოვდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თბილისიდან ახალი ბეჭდები გაეგზავნა. 

ოპოზიციის ბრალდებას დღეს უპასუხა ცესკომ და განაცხადა, რომ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ცესკო აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამაგიდო სიებს და ბეჭდებს უკან, საოლქო საარჩევნო კომისიაში დააბრუნებს და საუბნო კომისიებს მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადასცემს.

"ამასთან, დამატებითი ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის" - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

14 მაისის ინციდენტებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა. მან სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, 19 მაისის არჩევნების დროს განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდზე გაამახვილონ. ჩუგოშვილის შეფასებით, ცხადი გახდა, რომ დაძაბულობის ცენტრი სავარაუდოდ ზუგდიდი გახდება. მისი შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები "დასტურია იმისა, რომ ქართული ოცნების კანდიდატს ზუგდიდში აქვს ძლიერი პოზიციები და არჩევნებში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ, ვხედავთ მცდელობას, სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს".

19 მაისს ზუგდიდსა და რამდენიმე სხვა ოლქში შუალედური არჩევნები გაიმართება.

კომენტარები