17 მაისი

საპატრიარქო: ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, აღნიშნავს რომ ყველანაირ ძალადობას ემიჯნება. 

საპატრიარქოში ამბობენ, რომ "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებული მსვლელობა წელსაც გაიმართება და საზეიმო კონცერტით დასრულდება.

"ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.

მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი.

კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი",- წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მღვდლები 17 მაისს მსვლელობას გამართავენ. ამის შესახებ მათ მიმართვა გაავრცელეს.

"ჩვენ ვაწყობთ მსვლელობას, პარასკევს, 17 მაისს, 10 საათიდან ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე სამღვდელოება, მრევლი, საზოგადოება, აღვასრულებთ სავედრებელ პარაკლისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ და შემდეგ მოეწყობა მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ" - ნათქვამია ვიდეომიმართვაში. 

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 

ოჯახის სიწმინდის დღედ ის საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა, ერთი წლის შემდგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

წელს სამების ეზოში ე.წ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: ალილო, ერისიონი, მძლევარი და სუხიშვილები. ორგანიზაცია დავითიანნის წარმომადგენლის, კოტე სვანიძის თქმით, რამდენიმე ადამიანთან მოლაპარაკებები ჯერაც მიმდინარეობს. 

ლგბტქი თემი კი, 17 მაისს რაიმე ღონისძიების გამართვას არ გეგმავს, რადგან, როგორც ამბობენ, "ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს"

კომენტარები