არჩევნები 2019

ზუგდიდის საკრებულოში ხმაურია - ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს

0 კომენტარი

ზუგდიდის საკრებულოში ხმაურია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და ზუგდიდის საკრებულოს ქართული ოცნების წევრის გია დანელიასთვის დროებით უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. სწორედ გია დანელია ფიგურირებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გავრცელებულ ვიდეომასალა, სადაც სავარაუდოდ, ქართული ოცნების წევრი ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს. 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საკრებულოში რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით განაცხადი მიიტანა, თუმცა, ნიკა მელიას თქმით, მათ განაცხადის ჩაბარების საშუალება არ მისცეს.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების ნაწილი საკრებულოს შენობაში იმყოფება, ნაწილი კი გარეთ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. რუსთავი 2-ის ცნობით, პოლიციამ კარი ჩაკეტა და ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებენ.  

ზუგდიდში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ გია დანელია პირს ეუბნება, რომ "ზემოდან" დავალება მიიღო, ამომრჩევლის ხმების "ნებისმიერ ფასად" მისაღებად და "ყველაფერზე თანხმობაა მიღებული".

ასევე, ჩანაწერში ისმის, რომ გალიდან 30 "მაყურებელი" და ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთვებიან საქმეში. 

ჩანაწერის თარიღი უცნობია, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე ის წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

რუსთავი 2-თან საუბარში დანელიამ თქვა, რომ ვიდეო ფალსიფიცირებულია და მისი ხმა არ არის. ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო საუბარში კი, დანელია ამბობს, რომ ჩანაწერში თავი იცნო, მაგრამ საუბარი არ ახსოვს.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები