"გაყალბების კიდევ ერთი მექანიზმი აღმოვაჩინეთ" - ხმაური ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში

ტვ პირველი

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიის სხდომა ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 

აქ იმყოფებიან ენმ-ის წევრები. ისინი ითხოვენ, დადგეს კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომის საკითხი. 

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მათ აქვთ ფოტო მტკიცებულებები, რომლებზეც ასახულია, რომ კომისიიდან გატანილი სიები და ბეჭდები კანონის დარღვევით სხვადასხვა პირების პირად მფლობელობაში ინახებოდა.

მესხი ამბობს, რომ ის ყველაფერს აკეთებს კანონის დაცვით და უზრუნველყოფს მშვიდ საარჩევნო გარემოს.

ენმ მირანდა მესხის გადადგომას მას შემდეგ ითხოვს, რაც,, როგორც ამბობენ, მან სამაგიდო სიები და ბეჭდები გასცა. ოპოზიციამ ის უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა, პროტესტის შემდეგ, სიები უკან დაბრუნდა, ბეჭდები კი ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიცვალა.

თავისი გადადგომის საკითხი მირანდა მესხმა არ განიხილა. 

ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ კი თქვა, რომ მირანდა მესხს გაყალბების კიდევ ერთი მექანიზმი აღმოუჩინეს. 

"გაყალბების კიდევ ერთი მექანიზმი აღმოგიჩინეთ და გარბიხართ ახლა სხდომიდან. ხალხმა გაგიცნოთ, როგორც გამყალბებელი", - მიმართა თინა ბოკუჩავამ მესხს. 

"საზოგადოებამ გაიცნო, როგორც გამყალბებელი. ამიტომ ვაყენებდით მისი პასუხისმგებლობის საკითხს, რომელიც არ განიხილა - 200 ადამიანსთვის, რომლებიც არ არიან ზუგდიდში ჩაწერილი, ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ მიცემული. ყოველ მოსვლაზე აღმოვაჩენთ ახალ და ახალ გაყალბების მეთოდს, მაგრამ ზუგდიდელების ხმებს არ მოვაპარინებთ", - თქვა ბოკუჩავამ. 

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ამბობს, რომ ენმ-ის წევრების განცხადებები სიცრუეა.

"დღის წესრიგით გასატანი იყო 2 საკითხი, სპეციების დამტკიცების თაობაზე. საუბნო საარჩევნო კომისიებში კომისიის წევრების შეყვანა. ისინი სხვა უბანზე არიან ჩაწერილები და სხვა უბანში ახორციელებენ უფლებამოსილებას. სპეციაში შეყვანილები არიან, ამიტომ ეს დამტკიცდა პირველი ნაწილით.

მეორე ნაწილი იყო შსს-დან მოწოდებული 292-კაციანი სია და დამტკიცდა 139-კაციანი სია. ეს 139 მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში სპეციის საშუალებით. უბანს მივამაგრეთ ეს ადამიანები, წინა სხდომაზე განისაზღვრა ის უბნები, რომლებშიც მიიღებენ ეს ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას.

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. ენმ-ის კანდიდატი სანდრა რულოვსია, მმართველი გუნდის კი - გიორგი შენგელია. 

კომენტარები