მუშების გაფიცვა

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ

0 კომენტარი
ფოტო: Commersant.ge

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ.

ქარხანაში ტაბულას უთხრეს, რომ თანამშრომლები დღეს, 16 მაისს, გაიფიცნენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე შედგა შეხვედრა გენერალური დირექტორის მოადგილესთან, სადაც მოთხოვნები განიხილეს.

ქარხანაში ამბობენ, რომ გაფიცული მუშების მოთხოვნებია სამცვლიანი სისტემიდან ოთხცვლიან სისტემაზე გადასვლა, ანუ ერთი ცვლის დამატება, ასევე, ანაზღაურების გაზრდა. საუბარია კიდევ ერთ მოთხოვნაზე - ღამის ცვლის ანაზღაურებაზე. ქარხანაში ამბობენ, რომ მუშების ინფორმაციით, ღამის ცვლა საერთოდ არ უნაზღაურდებათ, რაც შესაძლოა, გაუგებრობა იყოს.

ქარხნის ხელმძღვანელობამ მუშებს ერთდღიანი ვადა სთხოვა, რათა განიხილოს რამდენად შესაძლებელია მათი მოთხოვნების შესრულება. პასუხს ისინი ხვალ, 17 მაისს მიიღებენ.

როგორც პრესსამსახურში ამბობენ, ამ დროისთვის ქარხანა ჩვეულებრივად მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ქარხანაში 1500-მდე ადამიანია დასაქმებული და გაიფიცა დაახლოებით 10% - 150-დან 170 ადამიანამდე.

ცნობისთვის, გაიფიცნენ ჭიათურის მაღაროელებიც. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ მოთხოვნებს შორის არის ხელფასის მომატება, კვებისა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება, ქალაქში დიდი მანქანებით მადნის გადატანის პრობლემის მოგვარება. მათი თქმით, ადრე მადანი რკინიგზით გადაჰქონდათ, ახლა კი მანქანებით პირდაპირ ქალაქის ცენტრის გავლით. გაფიცული მაღაროელები აღნიშნავენ, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები