ზუგდიდის მერის არჩევნები 2019

ჩუგოშვილი: ენმ-მ იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს აგებს და არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობს

0 კომენტარი

საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციული ქმედებებით უფრო და უფრო ცდილობს საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და მის დისკრედიტაციას - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

ჩუგოშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებამ ოპონენტების მხრიდან საარჩევნო კომისიასთან აჟიოტაჟი და ზუგდიდის საკრებულოს შენობაში არეულობის მოწყობის მცდელობა იხილა.

"დღეს კი ნაციონალური მოძრაობის წევრები უკვე ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში ძალადობრივად შეიჭრნენ და ცდილობდნენ კომისიის მუშაობის ჩაშლას. ყოვლად მიუღებელია თავდასხმა საარჩევნო კომისიაზე. უკვე წლებია ყველანაირი საერთაშორისო შეფასების თანახმად კანონის შესაბამისად, გამართულად წარმართავს საარჩევნო პროცესს. ჩვენი ოპონენტების მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის ჩაშლა სწორედ ზუგდიდში, სადაც მათთვის პოზიციების დაკავებას სიმბოლური დატვირთვა აქვს კანდიდატიდან გამომდინარე",- ამბობს ჩუგოშვილი. 

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა სტაბილური საარჩევნო პროცესის დაძაბვას და არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობს. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც ჩანს კარგად იცის რომ ზუგდიდში არჩევნებს აგებს პირველივე ტურში და აქედან გამომდინარე ისინი სტაბილური საარჩევნო პროცესის დაძაბვას და არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ. ჩვენი ამოცანაა, არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. არცერთი პროვოკაცია, არცერთი ინციდენტი, რომელიც ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. შესაბამისს უწყებებს, დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება ექნება. თითოეული დამნაშავე, თითოეული პირი, რომელიც ძალადობით და საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცდება, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე",- აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილმა დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საელჩოებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დიდი ყურადღება მიაქციონ ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, რადგან მისი თქმით დაძაბულობის ცენტრი ის გადაინაცვლებს.

14 მაისს ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, კანდიდატ სანდრა რულოვსსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. 

ამასთან, ორი დღეა ხმაურია ზუგდიდის საოლქო კომისიაში, საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. 

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. ენმ-ის კანდიდატი სანდრა რულოვსია, მმართველი გუნდის კი - გიორგი შენგელია. 

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, პარლამენტში იბარებს. ინიციატივას ევროპული საქართველო იზიარებს

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები