ქალთა მოძრაობა

ქალთა მოძრაობა: რულოვსს დევნიან და მის სქესს სისუსტედ წარმოაჩენენ, სახელმწიფო ვერ იცავს

სანდრა რულოვსი
ipress

ქალთა მოძრაობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ სანდრა რულოვსს მხარდაჭერას უცხადებს. ქალთა უფლებადამცველები განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერენ, რომ ხედავენ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას. მათ მიაჩნიათ, რომ სანდრა რულოვსის უფლება - კენჭი იყაროს სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში, ილახება, მათ შორის, გენდერული ნიშნით.

"შემაშფოთებელია სანდრა რულოვსის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი, რომელიც მკვეთრად ავლენს სექსიზმის ნიშნებს: მშვიდობიანი შეკრების დროს სანდრა რულოვსს და მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელები მათ უწოდებდნენ "ნასედკებს და ბოზებს". დღემდე ყველა თავდამსხმელი დაკავებული არ არის, თუმცა მათი იდენტიფიცირება ადვილია. ასევე, სოციალურ ქსელებში ავრცელებენ პოსტერებს, სადაც სანდრა გამოსახულია საცვლებით; მსგავსი სექსისტური შინაარსის მქონე მასალა აქტიურად სპონსორდება და ვრცელდება სამთავრობო ტროლების მიერ. ოპონენტები ცდილობენ სანდრას სქესი მისივე სისუსტედ წარმოაჩინონ, როცა მას უწოდებენ „რძალს“ და როდესაც აკრიტიკებენ მის ქმარს ცოლის „კაბას და კალთას ამოფარებულობის“ გამო", - ნათქვამია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.

ქალთა უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ სანდრა რულოვსი წლების განმავლობაში ახერხებდა უფასო სკრინინგის პროგრამების შეთავაზებას ქალებისათვის, ამასთან, საკუთარი ინიციატივით შეხვდა ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა განეხილა ზუგდიდში მცხოვრები ქალები პრობლემები და გაეთვალისწინებინა საარჩევნო პროგრამაში.

ქალთა მოძრაობა მიესალმება პოლიტიკოსების დაინტერესებას ქალთა საკითხების მიმართ და მიაჩნია, რომ ეს არის ქალთა გაძლიერების ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი.

"2017 წლის კონსტიტუციური შესწორების შემდეგ მუხლი 11 აცხადებს: „სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“. მიუხედავად ამ ხმამაღალი განაცხადისა, რეალობაში სახელმწიფო სტრუქტურები ვერ ახორციელებენ სანდრა რულოვსის დაცვას; მისი და მისი მხარდამჭერების ფიზიკური უსაფრთხოება გარანტირებული არ არის; მათ სდევნიან და აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, სახელმწიფო სტრუქტურები კი ვერ ახორციელებენ სანდრა რულოვსის უფლებების ეფექტურ დაცვას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • უზრუნველყოს სანდრა რულოვსის პასიური საარჩევნო ხმის უფლების ეფექტური აღსრულება;
  • თავი შეიკავოს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერის დროს გენდერულად დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და კამპანიისგან;
  • შექმნას უსაფრთხო გარემო საქართველოს მოქალაქეებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში.

ქალთა უფლებადამცველები ეხმაურებიან ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სექსისტურ და სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც და ქართულ ოცნებას მოუწოდებენ თაზო ფაცაცია პარტიის რიგებიდან გარიცხოს.

კომენტარები