რუსეთი

რუსული ცენზორი სააგენტო "ყალბი სიახლეების" ვებგვერდების საჯარო რეესტრის შექმნას გეგმავს

noodleremover.news

რუსეთში კომუნიკაციების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო როსკომნადზორი "ყალბი სიახლეების" გამავრცელებელი წყაროების საჯარო სიის გამოქვეყნებას გეგმავს.

ამის შესახებ როსკომნადზორის ხელმძღვანელმა ალექსანდერ ჟაროვმა 15 მაისს სოჭში გამართულ მედია ფორუმზე "სიმართლე და სამართლიანობა" თქვა.

ცენზურის სააგენტოს ხელმძღანელის თქმით, "არასანდო და ყალბი სიახლეების" წყაროების რეესტრი სააგენტოსვე ვებგვერდზე გამოქვეყნდება. წყაროების ვებგვერდებთან ერთად გამოაქვეყნებენ ე.წ. ყალბი ამბის ავტორზე ინფორმაციას.

"ეს იქნება საჯარო… მასალა განთავსებული იქნება ჩვენ ვებგვერდზე - ვებგვერდის სახელები და ავტორის სახელებიც ასევე," - აღნიშნა ჟაროვმა.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს იმ პირებისათვის, ვინც მთავრობას და ოფიციალურ პირებს ონლაინ "შეურაცხყოფს".

კანონის მიხედვით, შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის, რომლებიც "საზოგადოების, ქვეყნის, რუსეთის, ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლებისადმი უპატივცემულობას" შეიცავს, პირს შესაძლოა 100 000 რუბლამდე ჯარიმა დაეკისროს, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯოს.

ასევე რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსული ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, რაც რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან "გამოთიშვას" გულისხმობს.

პარლამენტმა კიდევ ერთი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, დაბოლკოს ვებგვერდები, რომლებიც "შეურაცხმყოფელ მასალას" ან "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებს.

 

კომენტარები