გრიგოლ გეგელია

გეგელია: მე არ მიმაჩნია უსაგნო გნიასად ადამიანების ბრძოლა უფლებებისთვის

ტვ პირველი

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ადამიანების ბრძოლა უფლებებისთვის უსაგნო გნიასად არ მიაჩნია.

აე ეხმაურება ის კითხვას თავისივე განცხადების შესახებ, სადაც ამბობს, რომ "მთელი მაისი მიდის ეს უსაგნო გნიასი გეები, ანტიგეები, გეები, ანტიგეები".

"მე არ მიმაჩნია უსაგნო გნიასად ადამიანების ბრძოლა თავისი უფლებებისთვის. მე მქონდა საუბარი იმაზე, რომ ეს ლიბერალურ-კონსერვატიული... მე არც გამიტოლებია ამ მხარის ბრძოლა და ვთქვათ, ულტრაკონსერვატორთა მხარის დაპირისპირება და ბრძოლა. მე არ გამიტოლებია და თუკი ასე აღიქვა ვინმემ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვუტოლებ უფრო სუსტთა და ძლიერთა ბრძოლას არაფრით, არასოდეს არ ვაიგივებ, არამც და არამც. მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ერთიანობის დისკურსი მინდა გვქონდეს, პატივი ვცეთ ერთმანეთის თავისუფლებას, 365 დღე გვაქვს. შევარგოთ ყველა ადამიანს გამოსვლის და გაფიცვის თავისუფლებაც. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ამ ლიბერალურ-კონსერვატიულ დიქოტომიაში არ ვიყოთ და ყველანი ერთად, საქართველოს მოქალაქეები, ადამიანები, გავერთიანდეთ საერთო თემების ირგვლივ. არანაირი ჩაგვრა, არანაირი ერთმანეთის გაღიზიანება, გთხოვთ, განვვითარდეთ ერთად და ერთმანეთის ბედნიერებას ვცეთ პატივი, ასე რთული ხომ არ არის", - განმარტა გეგელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

მანვე, აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სოციალური და პოლიტიკური თავისუფლება უნდა იქნას დაცული.

"საქართველოს კონსტიტუციაში წერია და ეგერ მიხეილ ჯავახიშვილი, დიდებული მწერალი, 1905 წელს წერდა 7 თავისუფლებაში, რომ შეკრების, ასოცირების და გაფიცვის თავისუფლება არის სრულიად ფუნდამენტური თავისუფლება და ეს თავისუფლება უპირობოდ უნდა იქნეს დაცული", - ამბობს მაჟორიტარობის კანდიდატი.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, გადაცემა "რეაქციაში", რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს ეხებოდა, შრომის დღეზე და მშრომელთა უფლებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არანაირ პრაიდის მომხრე არ არის და ეს მხოლოდ დაპირისპირებასა და ზიზღს იწვევს.

"მთელი მაისი მიდის ეს უსაგნო გნიასი გეები, ანტიგეები, გეები, ანტიგეები, როგორ ფიქრობთ ვინმემ კითხა ქართველ ხალხს, როგორ ყელამდე არის ამ საკითხის განხილვით? მე აქ არ ვამბობ, რომ ამ საკითხზე არ უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული განხილვა, მაგრამ ვამბობ იმას, ლიბერალურ-კონსერვატიული დიქოტომია არის ძალიან მცდარი დიქოტომია, ვარსებობთ სხვებიც მეგობრებო, რომლებსაც გვინდა განვითარება და თანასწორობა",- თქვა მან.

კომენტარები