ტყის ხანძარი

სატყეო სააგენტო: ტყეში კოცონის დანთებისას უსაფრთხოების წესები დაიცავით

ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა. 

"სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე ხანძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, ზაფხული განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია.

"ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს" - აღნიშნავს უწყება.

კომენტარები