17 მაისი

მმკ-ის ლიდერი, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი დეკანოზი დავით ისაკაძე თბილისი პრაიდს ემუქრება

0 კომენტარი
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, დავით ისაკაძე თბილისი პრაიდს ემუქრება. 

დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობის დაწყებამდე თქვა, რომ საქართველოში ცოდვის ქადაგებას არ დაუშვებს. 

"არიან ძალები, რომელთაც სურთ, ეს მსვლელობა, ჩვენი დღევანდელი დღესასწაული ისე გამოიყენონ, თითქოს აქ რაღაც ისეთი ხდება განსაკუთრებული, იდევნებიან ადამიანები და ილახება მათი უფლებები. 

მინდა, ერთი რამ ხაზგასმით აღვნიშნო, სოდომ-გომორის ცოდვა არის უმძიმესი ცოდვა. თუ ადამიანს აქვს სურვილი, ამ ცოდვის მიმდევარი იყოს, ეს მისი ნებაა, მისი უფლებაა. კი ბატონო, იყოს ასეთი. თუ უნდა შველა, ჩვენ დავეხმარებოთ. მაგრამ ის, რომ იქადაგებოდეს, ხდებოდეს რეკლამირება ამ უმძიმესი ცოდვის, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. დღევანდელი დღეც, 17 მაისი, ასე აღნიშვნა ამ დღესასწაულის, არის შეხსენება მათთვის, ვინც ემზადება ივნისის თვეში კვირეულის გასამართად, კავკასიაში პირველი კვირეულის ამ უმძიმეს ცოდვასთან დაკავშირებით. მინდა, გავაფრთხილო ეს ადამიანები, რომ დაუშვებელია ამ ცოდვის ქადაგება, ისეთ ქრისტიანულ ქვეყანაში მით უმეტეს, როგორიც საქართველოა. ეს არ არის სკანდინავიის რომელიმე ქვეყანა. 

ამდენად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, რომ ხელი შევუშალოთ ამ უმძიმესი ცოდვის ქადაგებას საქართველოში", - თქვა ისაკაძემ. 

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 

2013 წლის 17 მაისს, ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მცირერიცხოვანი აქცია ათასობით ადამიანმა - სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ძალადობრივად დაარბია. 

2014 წლიდან კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ეს დღე ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა. მას შემდეგ სასულიერო პირები, მათ შორის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და მათი მრევლი მსვლელობას მართავენ, პარაკლისს იხდიან და ლგბტქ ადამიანებს გმობენ. 

ლგბტქ აქტივისტები 2019 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საჯარო აქტივობებს არ გეგმავენ, რადგან, როგორც ამბობენ, მათთვის ქუჩაში გასვლა საშიში გახდა, ეს დღე კი ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს. 

ლგბტქ აქტივობები ივნისის თვეში დაიგეგმა. 18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქ სიამაყის კვირეული გაიამრთება, რომლის ფარგლებშიც მრავალი აქტივობა ჩატარდება, მათ შორის მსვლელობა. 

სწორედ ამ ღონისძიებას ემუქრება დღეს დავით ისაკაძე. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ისაკაძე ყაჩაღობისა და ქურდობისთვის არის ნასამართლევი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები