17 მაისი

ომბუდსმენი: სამწუხაროდ, LGBTQ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებიტ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ LGBTQ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა. ომბუდსმენის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები LGBTQ ადამიანების დაცვის კუთხით არასაკმარისია და ვერ პასუხობს რეალურ გამოწვევებს.

"2019 წელს ლგბტ+ თემის, ლგბტ უფლებადამცველებისა და თემის მხარდამჭერების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ღიად არ აღინიშნება, უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების გზაზე.

ხაზი უნდა გაესვას, რომ ამ დღის აღნიშვნის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში ძირითადად ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება და საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების უსაფრთხოებას.

სამწუხაროა, რომ ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა. საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ლგბტ+ ადამიანები განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის პრობლემას წარმოადგენს შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა.

სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების დაცვის კუთხით არასაკმარისია და ვერ პასუხობს რეალურ გამოწვევებს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სისტემური ხედვა.

შესაბამისად, აუცილებელია, გენდერული თანასწორობისკენ მიმართულ ეროვნულ სამოქმედო გეგმებში აისახოს ლგბტ+ პირების, როგორც ერთერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებების დღის წესრიგი და ლგბტ+ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და თემის წარმომადგენლების ჩართულობა ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით სისტემური ხედვის ჩამოყალიბების ყველა ეტაპზე იყოს უზრუნველყოფილი" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ის ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა - ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

ლგბტქი თემი 17 მაისს რაიმე ღონისძიების გამართვას არ გეგმავს, რადგან, როგორც ამბობენ, "ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს". 

თუმცა, მსვლელობას მართავენ სიძულვილის ჯგუფები და მმკ-ის მღვდლები, ასევე, საპატრიარქო. მმკ-ის მსვლელობა უკვე ჩატარდა, საპატრიარქოს ორგანიზებული მსვლელობა კი, 17:00-ზე დაიწყება და სამების ეზოში კონცერტით დასრულდება. საპატრიარქო აცხადებს, რომ "ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი".

კომენტარები