უმუშევრობა

საქსტატის მიხედვით უმუშევრობა 15 წელიწადში ყველაზე დაბალია

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საქსტატის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობა 12.7%-ს შეადგენდა. 2017 წელთან შედარებით, ეს რიცხვი 1.2%-ით შემცირდა და გასული 15 წლის მანძილზე ყველაზე დაბალია. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში იმასაც განმარტავენ, რომ ბოლო ცხრა წლის მანძილზე უმუშევრობა იკლებს.

შრომისუნარიანი მოსახლეობის (15 წლის და ზემოთ) ეკონომიკური აქტივობა 2018 წელს 63.9% იყო, დასაქმების კი 55.8%.

დასაქმებულებიდან, 50.8% დაქირავებულია, 49.2% კი თვითდასაქმებული. 2017 წელთან შედარებით, დაქირავებულთა წილი 2.5%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია უკვე მეხუთე წელია გრძელდება.

ამასთან, უმუშევრობის დონე ქალაქში 19.3%-ია, სოფელში კი 5.8%. გასულ წელს, უმუშევრობის ყველაზე მკვეთრი კლება თბილისში იყო. საქსტატის მიხედვით, დედაქალაქში მაჩვენებელი 5.9%-ით შემცირდა. ყველაზე მეტად კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიზარდა 3.3%-ით.

უმუშევრობის დონე კაცებში კვლავინებურად უფრო მაღალია. თუ მამაკაცების 13.9% არაა დასაქმებული, ქალებში ეს რიცხვი 11.2%-ს შეადგენს. თუმცა აქტივობის დონე კაცებში უფრო მაღალია (73.6%) ქალებთან შედარებით (55.6%). დასაქმების დონეც  კაცებში უფრო მაღალია (63.4%) ვიდრე ქალებში (49.3%).

ვის თვლის სტატისტიკა დასაქმებულად?

საქსტატის მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს. 

თვითდასაქმებულად კი ითვლება მესაკუთრე, რომელიც მოგების ან ოჯახის რჩენის მიზნით (ფულით ან ნატურით) მუშაობს. ასევე თვითადასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობს. 

უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი მოქალაქე, რომელსაც გამოკითხვის დრომდე შვიდი დღის მანძილზე ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით არ შეუსრულებია არცერთი საათის სამუშაო. 

თვითდასაქმებულთა აბსოლუტური ნაწილი, სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. მათი შემოსავლები დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე მინიმალურია და ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7.7%-ს ქმნიან, როდესაც დასაქმებულთა დანარჩენი ნაწილი, მთლიანი შიდა პროდუქტის 92%-ზე მეტს ქმნის.

თვითდასაქმებულების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ ან ნატურისთვის მუშაობს, ანუ ისინი არ იხდიან გადასახადებს, რომლებსაც დაქირავებით დასაქმებულები იხდიან - რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებაშიც უმნიშვნელოდ მონაწილეობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები