17 მაისი

სუხიშვილი სამებაში ცეკვაზე: კარგი იქნება, თუ ყოველ 17 მაისს ტრადიციულად ჩავატარებთ კონცერტს

ტაბულა

ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუკი 17 მაისს "ოჯახის სიწმინდის დღეზე" ანსამბლ "სუხიშვილების" ცეკვა ტრადიციად დამკვიდრდება და ყოველ წელს ახალი ცეკვა დაიდგმება. 

ამის შესახებ სუხიშვილი სამების ტაძრის ეზოში კონცერტის დაწყებამდე საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაუბრა. 

"30-წუთიანი ბლოკი შევარჩიეთ დღევანდელი დღისთვის, ახალი კომპოზიცია გამოგვაქვს – "ფერხული" და ძალიან გვაინტერესებს ხალხის რეაქცია. მიგვაჩნია, რომ ყოველ წელს თუ დავგეგმავთ და ტრადიციულად ამ დღეს ჩავატარებთ კონცერტს, ყოველ წელს მივუძღვნით ქვეყანას, ვაჩუქებთ ხალხს ახალ კომპოზიციას, კარგი იქნებოდა,"- ამბობს ილიკო სუხიშვილი. 

"ოჯახის სიწმინდის დღის" აღსანიშნავად საპატრიარქოს ორგანიზებული მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მსვლელობა სამების ეზოში კონცერტით დასრულდა, მას შემდეგ, რაც პატრიარქი პარაკლისს გადაიხადა. საპატრიარქო აცხადებს, რომ "ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი".

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა, 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ის ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა - ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა.

ლგბტქ​ აქტივისტებმა 2019 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საჯარო აქტივობები არ ჩაატარეს, რადგან, როგორც ამბობენ, მათთვის ქუჩაში გასვლა საშიში გახდა, ეს დღე კი ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს.

ლგბტქ აქტივობები ივნისის თვეში დაიგეგმა. 18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქ სიამაყის კვირეული გაიამრთება, რომლის ფარგლებშიც მრავალი აქტივობა ჩატარდება, მათ შორის მსვლელობა.

სამების ეზოში გამართულ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვეს მომღერლებმა, თამრიკო ჭოხონელიძემ და ნინო ქათამაძემ.

კომენტარები