მაღაროელების გაფიცვა

ჭიათურაში მაღაროელები კვლავ გაფიცულები არიან და შიმშილობენ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ჭიათურაში მაღაროელები კვლავ გაფიცულები არიან, რამდენიმე მათგანი გუშინდელი დღის შემდეგ შიმშილობს. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. კერძოდ, ხელფასის მომატებას, კვებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, ასევე ქალაქში ეკოლოგიური მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებას. 

15-მა მაღაროელმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან გამართეს. 

"ჯორჯიან მანგანეზმა" მაღაროელების გაფიცვის დღეს გავრცელებულს განცხადებაში აღნიშნა, რომ ჭიათურაში, მიმდინარე პროცესები "გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას."

მოგვიანებით, კომპანიის გენერალურმა უფროსმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა თქვა, რომ ამ ეტაპზე "ჯორჯიან მანგანეზს", ფინანსური პრობლემების გამო, მაღაროელებისთვის მხოლოდ ხელფასის 10-15%-იანი ზრდის შეთავაზება შეუძლიათ. ფინანსურ პრობლემებს კომპანიის მმართველი იმით ხსნის, რომ სახელმწიფო მათ მადნის მოპოვების ნებართვას არ აძლევს. მაღაროელები ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ.

გუშინ განცხადება გაავრცელეს ქართული ოცნების ლიდერებმა. განცხადებაში, რომელსაც ხელს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი აწერენ ხელს, წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაღაროელებსა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" შორის მოლაპარაკებები ვერ შედგება, საქმეში ხელისუფლება ჩაერევა.

კომენტარები