შუალედური არჩევნები

ცესკო: არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც კომისიის პრეს-სპიკერმა ანამ მიქელაძემ საზოგადოებას 2019 წლის 19 მაისის არჩევნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 19 მაისს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

"თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი, დოკუმენტაციის გადაცემის პროცესი კი დღეს დასრუდლება. ხვალ, დილის 8:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. არჩევნების დღეს ამომრჩევლები ძირითადად  ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება  საკრებულოების შუალედური არჩევნები - 2 ბიულეტენს. ამასთან, ბიულეტენები დაბეჭდილია როგორც ქართულ, ისე შესაბამისი საარჩევნო უბნებისთვის, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე," - თქვა მიქელაძემ.

ცესკოს ინფორმაციითვე, 19 მაისის არჩევნებს 49  ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს   45 მედია ორგანიზაციის 1 917წარმომადგენელი. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556  წარმომადგენელი.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მიმართავენ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს იმოქმედონ კანონის შესაბამისად, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას.

კომენტარები