არჩევნები 2019

კობახიძე: ზუგდიდში ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის საფრთხე არსებობს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, "იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველს მისცენ არჩევანის მშვიდ ვითარებაში გაკეთების შესაძლებლობა, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას, მათ შორის კომისიის წევრებს, წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს მისცენ საარჩევნო პროცედურებში მშვიდად მონაწილეობის საშუალება". სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების გახსნის დროს "რამე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა" და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

"ასევე, ჩვენს აქტივისტებს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ფოტოსურათიან სიებს. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, მათ შორის ჩვენი აქტივისტებისთვის, ამ სიებით სარგებლობა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ წარმოადგენს დარღვევას. ეს არის ერთერთი საშუალება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა.

წინასაარჩევნო პროცესებმა ორი თვის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთერთმა მხარემ სცადა პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტანა, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. დღეს ზუგდიდში ფიქსირდება მათი მხარდამჭერების არაპროპორციული რაოდენობა, შესაბამისად არსებობს დესტრუქციის საფრთხე.

მინდა შევახსენო ჩვენს აქტივისტებს, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არის არა მათი, არამედ სამართალდამცავი ორგანოების  ფუნქცია. შესაბამისად, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისაგან, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი  იყოს არჩევნების პროცესის მშვიდ ვითარებაში  და დარღვევების გარეშე წარმართვა.

ასევე, მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო  პარტნიორებს, სამოქალაქო  საზოგადოებას,  ყურადღებით დააკვირდნენ  საარჩევნო  პროცესს. ბოლოს მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს  აქტიურობისაკენ.

მაღალი აქტივობის პირობებში  შესაძლებელია  ყველა საარჩევნო  ოლქში პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ ღირსეულ მაჟორიტარ  დეპუტატს  მთაწმინდაზე, ღირსეულ  მუნიციპალიტეტის  მერებს  და ღირსეულ საკრებულოს  წევრებს" - განაცხადა კობახიძემ.

დღეს ხუთი მუნიციპალიტეტი რიგგარეშე არჩევნებზე მერებს აირჩევს. ამის გარდა, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის, ხოლო რვა მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება.

კომენტარები