არჩევნები 2019

ზუგდიდში, N9 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა, დააკავეს 2 ადამიანი

ზუგდიდში, N9 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო.

ქართული ოცნების და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ვინაიდან ოპოზიციამ უბანთან მდგარ ერთ-ერთ პირს ამომრჩეველთა სიები აღმოუჩინა. 

ინციდენტისას ერთ-ერთმა პირმა ერთ-ერთ ჟურნალისტს ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

დაკავებულია 2 ადამიანი. 

ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა სავარაუდო დარღვევებზე საუბრობს. 

„ჩვენ იმ ადამიანის სახელი და გვარი არ ვიცით, ვინ დააკავეს, მაგრამ ეს პროვოკატორი ზონდერი იყო, ვინც ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის დააკავა და ასე მოუვა ყველა პროვოკატორს. ისინი არაფერს ერიდებიან, იციან, რომ აქ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ბრძოლის ხაზი გადის. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ. ამას გარდა, ერთ-ერთი ტელეარხის, კონკრეტულად „იმედის“ წარმომადგენლებს საერთოდ არ ჰქონდათ აკრედიტაცია, რაც კიდევ ერთხელ იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის სამთავრობო ტელევიზია, რომელიც თვლის, რომ არ სჭირდება აკრედიტაცია და შეუძლია, „ფეიქ ბეიჯებით“ შევიდეს უბნებზე. გუშინაც შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი იყო ჩვენი ერთ-ერთი კომისიის წარმომადგენელზე, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლები არ შეშინდებიან“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარი გააკეთა პირმაც, რომელზეც სავარაუდოდ, დაკავებულმა მამაკაცმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მისი თქმით, დაკავებულმა მას ფეხში მუხლი ჩაარტყა.

„ვიღებდი ვიდეოს, რა დროსაც მან შეურაცხყოფა მომაყენა და როცა ვუთხარი, რატომ მაყენებ შეურაცხყოფასმეთქი, ფეხი დამარტყა. ამას წინ კონფლიქტი არ უძღოდა, უბრალოდ, ვიდეოს ვიღებ, ჩემს მოვალეობას ვასრულებ. ვიდეოს ჩემთვის, პირადი მოხმარებისთვის ვიღებ და ვაკვირდები“, - თქვა გიორგი რურუამ.

კომენტარები