არჩევნები 2019

ცესკო: ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ცნობით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 24 საჩივარია შესული. მათგან: ზუგდიდში - 13, მარნეულში - 7, ზესტაფონში - 1 და ხულოში - 3 საჩივარია დაფიქსირებული.

როგორც მიქელაძე განმარტავს, აღნიშნული საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება- "მაგალითად, #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ცესკოს აკრედიტაციის გარეშე მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ყველა მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი. #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 82-ე საარჩევნო უბანზე მოხდა პროცედურული ხარვეზი საკონტროლო ფურცლის შევსებისას. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი, რომელიც არის თვითკოპირებადი, ერთი ასლის შევსების ნაცვლად, კომისიის წევრებმა შეავსეს ცალ-ცალკე და ორ მათგანს დაარტყეს ბეჭედი. თუმცა კანონდებლობის მიხედვით, საკონტროლო ფურცელს საერთოდ არ ერტყმება კომისიის ბეჭედი. შედგა შესაბამისი აქტი და კომისია მოახდენს რეაგირებას" - აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცესკოს პრესსპიკერის ცნობით, ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, არჩევნებში მონაწილეობას დაუბრკოლებლად შეძლებენ.

ანა მიქელაძის ინფორმაციით, მარნეულის 68-ე და 49-ე საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბნები კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის და სამაგიდო სიაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მცდელობის გამო. 68-ე უბანზე აღნიშნული დამკვირვებელი იმყოფებოდა ორგანიზაცია "ერთობიდან", ხოლო 49-ე საარჩევნო უბანზე - "საქართველოს ერთიანი ახალგაზრდა კავშირიდან".

შეგახსენებთ, რომ დღეს მთაწმინდის ოლქში პარლამენტის, ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, საკრებულოს მაჟორუტარ დეპუტატს აირჩევენ. გარდა ამისა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერების რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები