არჩევნები 2019

მდინარაძე: ზუგდიდში პროვოკაციებს ენმ აწყობს, მარნეულში - ევროპული საქართველო

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

​ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის არჩევნებზე რამე განსაკუთრებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და და ხმის მიცემის პროცესი საერთო ჯამში "მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში" მიმდინარეობს.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ იყო პროვოკაციის მცდელობებიც, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებული და ორიენტირებულია, რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს.

"მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება", - აღნიშნა დეპუტატმა.

მამუკა მდინარაძემ დიპლომატიურ კორპუსსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ ზუგდიდს.

"რადგან ნათლად ჩანს, რომ როგორც განვლილი პერიოდის მანძილზე, ისე დღესაც, რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრის შექმნას", - აღნიშნა მან.

დეპუტატმა ასევე ახსენა პარტიის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ქართული ოცნების მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დესტაბილიზაციაზე საუბრობენ.

"გასაგებია, რომ მათი მიზანი ესაა, ეს ჩანდა წინა პერიოდშიც, მაგრამ ამის უფლებას არავის მივცემთ", - აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, მან პარტიის აქტივს მოუწოდა "არავის მისცენ საშუალება დისონანსი შეიტანონ დემოკრატიულ პროცესში".

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენი აქტივისტები კარგად არიან მობილიზებულები, მაგრამ დამატებით მინდა მოვუწოდო, რომ იმ პროვოკაციებს, რომელსაც ადგილი აქვს სხვადასხვა უბნებზე, განსაკუთრებით ზუგდიდში, არ წამოეგონ", - თქვა დეპუტატმა.

მამუკა მდინარაძემ ისაუბრა მარნეულზეც და აღნიშნა, რომ იქ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ცდილობენ ვითარება ხელოვნურად დაძაბონ.

​"თუმცა ჯერჯერობით იქაც ყველაფერი მშვიდად არის ჩვენი აქტივისტების და ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით", - დასძინა მან.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საარჩევნო უბნებთან სიებით მყოფ აქტივისტებზეც და თქვა, რომ სიაში პირადი მონაცემები არ არის მითითებული და მათ კანონი არ დაურღვევიათ. მდინარაძემ აღნიშნა, რომ მომხრეების მობილიზება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და არა კანონდარღვევა და საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე7 და მე-7 პრიმა პუნქტებზე მიუთითა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები