ავსტრალია

პრემიერმინისტრ სკოტ მორისონის ლიბერალურმა პარტიამ ავსტრალიის არჩევნებში გაიმარჯვა

სკოტ მორისონი
ABC

ავსტრალიაში გამართულ არჩევნებში ლიბერალური ნაციონალური კოალიციის მთავრობამ პრემიერმინისტრ სკოტ მორისონის ხელმძღვანელობით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მისი პარტია, საპირისპირო მოლოდინების მიუხედავად, მთავრობაში მესამედ მოვა.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით მორისონის პარტიამ პარლამენტში 71 ადგილი მოიპოვა, ხოლო უმრავლესობის მოსაპოვებლად 76 ადგილია საჭირო. ჯერ-ჯერობით უცნობია ექნებათ თუ არა მათ უმრავლესობა პარლამენტში.

გამარჯვების შემდეგ მორისონმა თქვა, რომ სასწაულების ყოველთვის სჯეროდა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბილ შორტენმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს. მემარცხენე-ცენტრისტული ლეიბორისტული პარტია ყველა წინასარჩევნო გამოკითხვაში ლიდერობდა და მოსალოდნელი იყო, რომ გამარჯვებას სწორედ ისინი მოიპოვებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მორისონმა პრემიერმინისტრის პოსტზე მალკოლმ ტერნბული გასული წლის აგვისტოში ჩაანაცვლა.

მოახლოებულ არჩევნებთან ერთად ლიბერალური პარტიის რეიტინგის კლების გამო, ქვეყნის ენერგეტიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით დაწყებული დებატების შემდეგ, პარტიის წარმომადგენლებმა ტერნბულს უნდობლობა გამოუცხადეს.

მორისონი მხარს უჭერს ავსტრალიის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას. მისი მინისტრობის პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ მკაცრმა პოლიტიკამ და კუნძულზებზე შექმნილმა დროებითი დაკავების ცენტრებმა მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. მორისონი პარტიის კონსერვატიულ ფრთას წარმოადგენს და გასულ წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი არ დაუჭირა. წინასაარჩევნო პერიოდში ის ამომრჩეველს გადასახადების შემცირებას ჰპირდებოდა და მაღალი ხარჯების გამო ლეიბორისტული პარტიის შეთავაზებული კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა.

კომენტარები