არჩევნები 2019

დამკვირვებლის თქმით, მარნეულის 68-ე უბნიდან ბიულეტენები გაიტაცეს, კომისია უარყოფს

მარნეულის 68-ე უბნიდან ორგანიზაცია "ძლიერი, ერთიანი საქართველოს" დამკვირვებელი გააძევეს. 

მანანა ბობოხიძე ამბობს, რომ მან უბანზე დარღვევა აღმოაჩინა და მისი ტელეფონით გადაღება დაიწყო. მისი თქმით, კედელზე გამოკრული სიები იმდენად მაღლაა გაკრული, რომ მისთვის თვალ-ყურის მიდევნება რთულია. 

ბობოხიძე ამბობს, რომ გააძევეს ისე, რომ იმ მომენტში უბანზე არ ყოფილა. 

"მოვედი და გაძევებული აღმოვჩნდი". 

ამასთან, ენმ-ის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უბანზე არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა. მას შესაბამისი დოკუმენტაცია არ ჰქონდა. 

ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ კაცმა უბანი დატოვა, თუმცა, კომენტარი არ გაუკეთებია. 

"ქალბატონი მანანა, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, იღებდა სამაგიდო სიებს, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ერთხელ მივეცით ამაზე შენიშვნა. არ გადამიღაო, ვიდეო წაშალა. წავიდა, 20 წუთის მერე დაბრუნდა და რეგისტრატორებთან ისევ პროვოკაციით აწარმოებდა ვიდეო გადაღებას.შემდეგ მოხვედით ტელევიზიით და იძახით, რომ ჩვენ გიშლით ხელს. იყო დარღვევა და იყო გაძევებული", - თქვა ცესკოს წარმომადგენელმა. 

მან კომენტარი არ გააკეთა იმაზე, თუ რატომ იყო უბანზე არაუფლებამოსილი პირი. 

მანანა ბობოხიძის თქმით, მას კომისიის წევრები რამდენჯერმე დაესხნენ თავს და მისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ, პარალელურად კი უბანზე ბიულეტენები ჩაყარეს. 

"ჩემს ცემაზე იყვნენ გადასულები. პარალელურად, სანამ ეს ხმაური იყო, ჩემი ცემა-ტყეპის, ვიღაცამ ჩატენა ბიულეტენები, ასევე გაიტაცა ბიულეტენები და გაიქცა". 

მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, კობა ასანიძემ თქვა, რომ ბიულეტენები არავის გაუტაცებია. 

"გაისმა აქ ბრალდება, რომ გაიტაცეს ბიულეტენები და მოხდა ჩაყრა. ამის განმცხადებელს თვითონ გაეცინა ირონიულად. მე მგონი, შეამჩნიეთ ჟურნალისტებმა და ერთ-ერთი კამერა მაინც დააფიქსირებდა ამას. ეს ქალბატონი გაძევებული იქნება საარჩევნო უბნიდან სრულიად კანონიერად. მას აქვს უფლება, რომ გაძევების საქმე გაასაჩივროს სასამართლოში". 

რაც შეეხება ადამიანს, რომელიც უბანზე ბეიჯის გარეშე იმყოფებოდა, ასანიძე ამბობს: 

"ბეიჯის გარეშე ამომრჩეველი იქნებოდა". 

19 მაისს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

კომენტარები