არჩევნები 2019

Isfed: მარნეულის #84 საარჩევნო უბანზე ხმას მარკირების შემოწმების გარეშე აძლევენ

ტაბულა

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, მარნეულის #84 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დაწყებიდან სისტემატური სახე აქვს მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემას. ამასთან, ორგანიზაციის დამკვირვებლების ცნობით, მარნეულის #68-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა.

“კომისია იმგვარად არის განთავსებული სარეგისტრაციო მაგიდებთან, რომ პროცესზე დაკვირვება შეუძლებელია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების უფლება შეუზღუდა. ამავე უბანზე, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერინა, რაზეც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის რეაგირების შემდგომ, კომისიამ დამკვირვებლის უბნიდან გაძევების შესახებ ოქმის შედგენა განიზრახა” - წერია ანგარიშში.

ორგანიზაციის ცნობით, იმავე უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში ოთხი ბიულეტენი ჩააგდო და უბნიდან ისე გაიქცა, რომ სავარაუდოდ თან წაიღო რამდენიმე ბიულეტენი.

"გარდა ამისა, მარნეულის #52-ე უბანზე იმყოფებოდა უცნობი პირი, რომელიც მდივანს რეგისტრაციაში არ გაუტარებია. აღნიშნული პირი, ერთ-ერთ დამკვირვებელს ხმის მიცემის პროცესში კარნახობდა, რომ უნდა შემოეხაზა „41“. ამ ფაქტის შემდგომ კომისიის თავმჯდომარემ პირი საარჩევნო უბნიდან გააძევა. შესაბამისი საჩივრები წარდგენილია სარჩევნო უბანსა და ოლქში" - ნათქვამია სამართლიანი არჩევნების ანგარიშში, რომელიც 14:00-ის მონაცემებია.

დღეს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

კომენტარები