აშშ-ჩინეთი

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის პარალელურად ჩინეთმა აშშ-ის ზოოპარკიდან ორი პანდა გამოითხოვა

Mirror

ჩინეთის მხარემ აშშ-ის კალიფორნიის სან დიეგოს ზოოპარკიდან 26 წლის გიგანტური პანდა პაი იუნი და მისი ექვსი წლის ბელი სიაო ლივუ გამოითხოვა.

პაი იუნმა აშშ-ში 20 წელზე მეტი გაატარა და არაერთ მნიშვნელოვან კვლევაში მიიღო მონაწილეობა.

აშშ ჩინეთთან დადებული შეთანხმებით 20 წელზე მეტ ხანს გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს ეხმარებოდა.

პანდები ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში დარჩებიან.

17 მაისს მედიის ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ჩინეთს აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ინტერესი შესაძლოა აღარ ჰქონდეს, რადგან ტრამპის უკანასკელი გადაწყვეტილების შემდეგ მცირე “გულწრფელობას” ხედავდნენ მასში.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა.

ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფებს გაზრდის.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა 25%-იანი ტარიფი კიდევ 325 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზეც დააწესონ.

სავაჭრო ომის პარალელურად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარავაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა.

წლის დასაწყისში აშშ ტარიფების 10-დან 25%-მდე აწევას გეგმავდა, თუმცა მისი აღსრულება შეაჩერეს, რათა შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები გამართულიყო.

კომენტარები