ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოელებს, მათ შორის რუსებს, ტურისტების გიდობა აუკრძალეს

Flickr

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურებს მხოლოდ ადგილობრივი გიდები ჩაატარებენ, უცხოელებს ამის უფლება აღარ აქვთ.

გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს რუს გიდებზე, რადგან ისინი ხშირად ამბობენ, რომ აფხაზეთი რუსეთის ნაწილია. ადგილობრივების ინფორმაციით, რუსი გიდები აფხაზეთის ისტორიას ამახინჯებენ. გიდები ტურისტებს უყვებიან, რომ 1992-1993 წლებში აფხაზები ოსების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ხოლო მოგვიანებით ისინი მოსკოვმა შეარიგა.

მაღალჩინოსნების ინფორმაციით, სოჭიდან წამოსულ ტურისტულ ჯგუფს თან ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე გიდი უნდა ახლდეს. თუმცა, სოჭის კომპანიებს ფულის დაზოგვა და საკუთარი დასაქმებულების მომსახურეობით სარგებლობა ურჩევნიათ.

განსხვავებით დე ფაქტო აფხაზეთის მაცხოვრებლებისგან, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუს გიდებს გადასახადების გადახდა არ უწევთ. შედეგად, რუსი გიდები ადგილობრივთაგან განსხვავებულ ფასებს აწესებენ. აფხაზეთში დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 700 ადგილობრივი ლიცენზირებული გიდი არის, რომლებსაც რუსი კონკურენტების გამო მუშაობა უჭირთ.

2019 წლის მაისიდან აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროსა და საგადასახადო სამსახურის მოთხოვნით, ტურის ჩასატარებლად გიდს სპეციალური ლიცენზიის მოპოვება სჭირდება. ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია ტურიზმის დე ფაქტო სამინისტროში გამოცდის ჩაბარება. გამოცდის მეშვეობით შემოწმდება ისტორიის, გეოგრაფიის, ადგილობრივი კანონმდებლობისა და ტურის ჩატარების მეთოდოლოგიის ცოდნა. გიდმა ასევე უნდა წარადგინოს, თუ როგორ აპირებს ტურის ჩატარებას.

გიდს დე ფაქტო აფხაზეთის პასპორტისა და ლიცენზიის გარდა, გზამკვლევი და საგადასახადო სერტიფიკატიც უნდა ჰქონდეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ზაფხულში ჩასული ტურისტების ნახევარზე მეტი რუსია. როგორც წესი, ისინი ერთი დღით ჩადიან და აფხაზეთის ისეთ ღირსშესანიშნაობებს ნახულობენ, როგორიც არის რიწის ტბა, ახალი ათონის მღვიმე, ბოტანიკური ბაღი და მაიმუნების საშენი. თუმცა, გიდების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რუს ტურისტებს სხვა ადგილები ნახვაც აინტერესებთ.

 

კომენტარები