არჩევნები 2019

ბაქრაძე: მთაწმინდის 12 უბანზე შალვა შავგულიძემ გაიმარჯვა

რუსთავი 2

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პარტიის ინფორმაციით, მთაწმინდის ოლქის 31 უბნიდან 23-ის დათვლა დასრულებულია, მათგან 12-ში კი შალვა შავგულიძემ გაიმარჯვა. 

ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ მთაწმინდაზე მეორე ტურში სხვა ოპოზიციური პარტიები და მათი ამომრჩევლები მხარს შავგულიძეს დაუჭერენ. 

"ამ წუთებში მიმდინარეობს ხმების დათვლა. ამ წუთის მონაცემებით, დათვლილია და დადასტურებულად გვაქვს მიღებული ინფორმაცია 23 უბნიდან. სულ 31 უბანია და 23-ზე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ 12 უბანში გამარჯვებულია ჩვენი კანდიდატი, ბატონი შალვა შავგულიძე. ასე რომ, მთაწმინდაზე დადასტურებულად იქნება II ტური. 

შემიძლია გითხრათ ისიც, რომ როგორი სურათიც არ უნდა დაჯდეს ხმების საბოლოოდ დათვლის შედეგად, ნათელი ფაქტია, რამდენად აღარ უნდა ჩვენს მოსახლეობას დღევანდელი მდგომარეობა და რამდენად სურს ხალხს ცვლილებები. 

ამ ძალიან მძიმე კამპანიის პირობებში მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს მოვიდა და მხარი დაუჭირა ოპოზიცურ კანდიდატს და მასთან ერთად მხარი დაუჭირა საკუთარ უკეთესი მომავლის მოლოდინს. 

ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება II ტურისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თითოეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, თითოეული ის ადამიანი, ვისაც უნდა, მათი მთაწმინდა შეიცვალოს, ქვეყანა შეიცვალოს, ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ, დაგვიდგება გვერდით. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე გავიმარჯვებთ. ამომრჩეველი, რომელმაც დღეს ხმა მისცა ოპოზიციას, ოღონდ სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს და არა ბატონ შალვას, იმედი მაქვს, ეს ამომჩევლებიც შემოგვიერთდებიან და მეორე ტურში ჩვენ ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ ასე გამარჯვება არ შეიძლება", - თქვა დავით ბაქრაძემ. 

შალვა შავგულიძემ კი ამომრჩეველს მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდა. 

"შედეგები უჩვენებს, რომ ოპოზიციამ მიიღო მეტი ხმა, ვიდრე სახელისუფლებო კანდიდატმა. ეს ნიშნავს, რომ მეორე ტურში მხარდაჭერის გაზრდის პოტენციალი ოპოზიციის კანდიდატს გააჩნია. ჩვენ გვაქვს მეორე ტურში გამარჯვების ძალიან სერიოზული შანსი. მივმართავ მთაწმინდელ ამომრჩეველს, ცოტა მეტი აქტიურობა გამოვიჩინოთ მეორე ტურისთვის. ცოტა მეტნი უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ვინაიდან, ცხადია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელსაც აღარ ჯერა ხელისუფლების, რომელიც აღარ ენდობა ქართული ოცნების დაპირებებს, ვინაიდან 7 წლის მანძილზე ისმენს ამ დაპირებებს და არაფერი შესრულებულა, როგორც მთელმა ქვეყანამ, ისე მთაწმინდამ ვერ ნახა ქართული ოცნების მიერ მოტანილი ვერც სამართალი, ვერც ეკონომიკური მდგომარეობა, პასიური პროტესტის გამოხატვა არ არის საკმარისი. საჭიროა აქტიური პროტესტი და არჩევნებზე ამ განწყობის დაფიქსირება, ვინაიდან ჩვენ არჩევნების გზით, მშვიდად, ცივილიზებულად, დემოკრატიული პროცედურის შესაბამისად შევცვალოთ ხელისუფლება", თქვა შავგულიძემ. 

დღეს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ოქლში, გარდა მთაწმინდისა, ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. 

კომენტარები