არჩევნები 2019

კობახიძე: მთაწმინდაზე ჩვენს კანდიდატს 40.92% აქვს, II ტური შალვა შავგულიძესთან იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მთაწმინდის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს ლადო კახაძესა და ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატს შალვა შავგულიძეს შორის მეორე ტური გაიმართება. მისი თქმით, მათ კანდიდატს 40.92% აქვს.

"მთაწმინდას რაც შეეხება, აქაც არის დათვლილი ყველა უბნის მონაცემი, ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა, ბატონმა ლადო კახაძემ. მაჩვენებელი არის 40.92 %. ამ შემთხვევაში შედგება მეორე ტური მთაწმინდის ოლქში, კონკურენტი იქნება შალვა შავგულიძე, რომელიც წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას" - თქვა კობახიძემ შავგულიძეზე, რომელიც ევროპულ საქართველოს და თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციითვე, სხვა ყველა ოლქში მათი კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს.

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები გაიმართა. აქტივობა 34.27% იყო. 

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

კომენტარები