არჩევნები 2019

სანდრა რულოვსი: ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მით უმეტეს, მათ არჩევნებს

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

სანდრა რულოვსმა, რომელიც ზუგდიდში მერობის ენმ-ის და 12 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი კანდიდატი იყო, მხარდამჭერებს მიმართა. 

მან თქვა, რომ არ აღიარებს მმართველი გუნდის მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, გამარჯვება მისმა ოპონენტმა, ქართული ოცნების კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ მოიპოვა. 

"ფეიერვერკების და სიგნალების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მით უმეტეს, მათ არჩევნებს. 

ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ძალიან მარტივად, სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია, ზუგდიდში მაღალ დონეზე ჩატარებული. ეს არნახული, უპრეცედენტო სადიზმი, შეშინება, ზეწოლა და ყველაფერი კრიმინალური, რაც შეიძლება წარმოიდგინო. 

ისინი რომ ზეიმობენ, ზეიმობენ ხალხის დამარცხებას, რომ ისევ გააგრძელებენ თავიანთ ტერორს, თავიანთი ჯიბეების გასქელებას და ყველაფერს, რაც მიუღებელია ჩემთვის და მთელი ჩემი გუნდისთვის. ჩემთვის და იმ 12 პარტიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც გვიდგანან გვერდში. მათ ყველას დიდი მადლობა.

ასევე, ყველა ზუგდიდელს დიდი მადლობა. 

ჩვენ ზუსტი ციფრები ჯერ არ ვიცით. მართლია, არ ვაღიარებთ ამ ციფრებს, მაგრამ საოლქო კომისიას შედეგები ჯერ არ გამოუცხადებია. როგორც ჩანს, მათი ციფრებით თითქმის ნახევარმა დაგვიჭირა მხარი, რაც ძალიან დიდი ჯარია და ამ ძალას აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენი ბრძოლის შემდგომი ეტაპის დროს. იმიტომ რომ სწორედ ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. 

ეს ლოზუნგი იქნება ის ლოზუნგი, რომლითაც შეგვიძლია მთელ ქვეყანაში ვიაროთ ქუჩა-ქუჩა, ყვეა უბანში, ქალაქში, სოფელშ და გავაგებინოთ, რომ ივანიშვილის სისტემა, მმართველობა არის ყველანაირად მიუღებელი, არის კრიმინალური, ბანდიტური, კორუფციული და არაადამიანური. ეს პირდაპირ უფსკრულში წაგვიყვანს. ეს არის ქვეყნის ნგრევა, ანტისახელმწიფოებრივი ქცევა. აღმოვჩნდებით რუსეთის ან რომელიმე ოლიგარქის ხელში. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენ სხვანაირი საქართველო გვინდა. და ჩვენი ბრძოლა გრძელდება", - თქვა სანდრა რულოვსმა. 

დღეს ზუგდიდში, ისევე, როგორც მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ოლქში, გარდა მთაწმინდისა, ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. მთაწმინდაზე მეორე ტური ჩატარდება. ცესკომ ოქმების ატვირთვა უკვე დაიწყო, თუმცა, საბოლოო შედეგები ჯერაც არ გამოუცხადებია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები