არჩევნები 2019

პირველადი მონაცემებით, ჭიათურასა და ხულოში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ჭიათურასა და ხულოში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ჭიათურაში გივი მოდებაძემ 64.37% მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზურაბ კუპატაძემ 18.1%, ხოლო ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატმა დავით ჭუმბურიძემ - 15.36%. 58 უბნიდან დათვლილია 57 უბნის მონაცემები.

რაც შეეხება ხულოს, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ ხმების 70.91% მოაგროვა, გაერთანებული ოპოზიციის კანდიდატს ირაკლი ჯორბენაძეს კი 23.74% აქვს. მესამე ადგილზე 3.63%-ით მოძრაობა ხალხისთვის კანდიდატი გავიდა, რომლის სახელი და გვარი ასევე ვახტანგ ბერიძეა. დათვლილია ყველა უბნის მონაცემები.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს პირველადი მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებშიც ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. ასევე, მარნეულის მერი გახდება ქართული ოცნების კანდიდატი ზაურ დარგალი. რაც შეეხება ზესტაფონს, ამ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს ხმების 50.57% აქვს, თუმცა, ჯერჯერობით, დასათვლელია კიდევ ერთი უბნის მონაცემი, შესაბამისად, შესაძლოა, შედეგი შეიცვალოს და მეორე ტური გახდეს საჭირო.

ერთადერთი ოლქი, სადაც დაზუსტებით არის ცნობილი მეორე ტურის საჭიროება, მთაწმინდაა. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე იბრძოლებენ.

შუალედური არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარობისთვისაც გაიმართა საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. რვავე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

კომენტარები